
აშშ-ის ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლატნიკი ASML-ის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს იმაში, რომ კომპანიის უახლესი თაობის EUV (ექსტრემალური ულტრაიისფერი) ლითოგრაფიული დანადგარი შესაძლოა ჩინეთში აღმოჩნდა. ეს სისტემები მსოფლიოში ერთადერთია, რაც ყველაზე მოწინავე ნახევარგამტარების წარმოების საშუალებას იძლევა. ASML კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ჩინეთში მსგავსი ტექნოლოგია არასდროს ყოფილა.
ASML-ის როლი გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე კრიტიკულია. კომპანია ფლობს მონოპოლიას EUV ლითოგრაფიაზე, რაც მას Nvidia-სთან და სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებთან ერთად AI-ინდუსტრიის მთავარ საყრდენად აქცევს. ევროპის ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანიისთვის, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 700 მილიარდ დოლარს უახლოვდება, ექსპორტის კონტროლის დარღვევა კატასტროფული იქნებოდა.
ASML-ის CEO კრისტოფ ფუკე განმარტავს, რომ კომპანია მკაცრად აკონტროლებს თითოეულ დანადგარს და იყენებს შიდა „ფაირვოლს“, რათა ჩინეთში მომუშავე პერსონალს EUV ტექნოლოგიებზე წვდომა არ ჰქონდეს. მისი თქმით, ასეთი რთული სისტემის უკუინჟინერია (reverse-engineering) შეუძლებელია, თუ ჩინეთს ფიზიკურად არ გააჩნია დანადგარი.
საინტერესოა, რომ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი ამჟამად აფინანსებს სტარტაპ xLight-ს, რომელიც ASML-ის ტექნოლოგიის ალტერნატივას ავითარებს. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კავშირი ბრალდებებსა და ამ ინვესტიციებს შორის არ დასტურდება, ექსპერტები ყურადღებით აკვირდებიან, ხომ არ არის ეს მცდელობა, ზეწოლა მოხდეს ევროპულ მონოპოლისტზე. ამასთან, აშშ-ის კონგრესში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ASML-ს ჩინეთში DUV (უფრო ძველი თაობის) დანადგარების მიწოდებასაც აუკრძალავს, რაც კომპანიის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს საფრთხეს შეუქმნის.
წყარო: techcrunch.com






