
Apple ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ იწყებს გადაწყობას, რათა შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა AI ინდუსტრიაში, ტარიფებისა და მიწოდების ჯაჭვის გაურკვევლობის ფონზე.
Apple-მა გამოაცხადა, რომ წლის ბოლოს ტიმ კუკის (Tim Cook) შემცვლელად, CEO-ს პოზიციას ჯონ ტერნუსი (John Ternus) დაიკავებს.
კუკმა Apple $4 ტრილიონიან გლობალურ გიგანტად აქცია, გააფართოვა სერვისების ბიზნესი და ტექნოლოგიების ისტორიაში კომპანიის ყველაზე მომგებიანი წლები უზრუნველყო. ტერნუსს განსხვავებული გამოცდილება აქვს — ის წლების განმავლობაში Apple-ის მოწყობილობების შექმნაზე მუშაობდა და არა უშუალოდ ბიზნესის მართვაზე. ის კომპანიას 2001 წელს შეუერთდა და უდიდესი პროდუქტების, მათ შორის AirPods-ის, Apple Watch-ისა და Vision Pro-ს შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
მისი დანიშვნა მიუთითებს კომპანიის სტრატეგიულ ნაბიჯზე, ხელახლა მოახდინოს ფოკუსირება აპარატულ უზრუნველყოფაზე (hardware).
Hardware ცენტრალური AI-ით
ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ გაუწიოს კონკურენცია უდიდეს AI მოდელების შემქმნელ კომპანიებს, ტერნუსმა შესაძლოა Apple-ის ფოკუსი AI-ზე დაფუძნებულ მოწყობილობებზე გადაიტანოს. უკვე არსებობს მოლოდინი ახალი პროდუქტების შესახებ, როგორიცაა ჭკვიანი სათვალეები, კამერიანი აქსესუარები ან AI ფუნქციების მქონე AirPods. Bloomberg-ის თანახმად, ყველა ეს პროდუქტი iPhone-ს დაუკავშირდება, სადაც Siri-ს მთავარი როლი ექნება.
ტერნუსისგან ასევე ელიან შეჩერებული პროექტების წინ წამოწევას, როგორიცაა დასაკეცი iPhone-ები. ჭორები ამის შესახებ წლებია ვრცელდება, თუმცა Apple ტექნოლოგიის დახვეწას ელოდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოწყობილობა სექტემბერში გამოვა, რაც ნიშნავს, რომ მის გაშვებას უკვე ტერნუსი უხელმძღვანელებს.
Apple ასევე აქტიურად იკვლევს რობოტიკის სფეროს, განსაკუთრებით ჭკვიანი სახლის მიმართულებით. განიხილება მობილური რობოტების იდეებიც, რომლებიც დაგეხმარებიან მარტივ დავალებებში ან იმოქმედებენ როგორც მოძრავი FaceTime ეკრანი.
თუმცა, წინ რთული პერიოდია. მეხსიერების ჩიპების მიმდინარე დეფიციტი, აშშ-ის ცვალებადი სატარიფო პოლიტიკა და ჩინურ წარმოებაზე დამოკიდებულება კომპანიისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ტარიფებამდე iPhone-ების დაახლოებით 80% ჩინეთში იწარმოებოდა, თუმცა Apple-მა ახლახან ინდოეთში გადაინაცვლა, სადაც გასულ წელს მოწყობილობების 25% დაამზადა.
წყარო: techcrunch.com







