Apple-მა აპლიკაციების დეველოპერების პლატფორმა 100 ახალი მეტრიკითა და ინსტრუმენტით განაახლა

დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა. ოთხშაბათს Apple-მა App Store Connect-ის მასშტაბური განახლება დააანონსა. ამ პლატფორმის მეშვეობით დეველოპერები საკუთარ აპლიკაციებს აქვეყნებენ, მართავენ და მათ პერფორმანსს აკვირდებიან.

განახლება 100-ზე მეტ ახალ მეტრიკას მოიცავს, რომლებიც მონეტიზაციისა და გამოწერების (subscriptions) მონაცემების ტრეკინგისთვისაა განკუთვნილი. ახალი ინსტრუმენტები დეველოპერებს დაეხმარება, უკეთ გააანალიზონ in-app შესყიდვები და შეთავაზებების ეფექტურობა.

მართალია, ბაზარზე უკვე არსებობს მსგავსი third-party სერვისები (მაგალითად, Sensor Tower, Appfigures და RevenueCat), თუმცა App Store Connect-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იგი უშუალოდ Apple-ის რეალურ მონაცემებს ეყრდნობა და არა ვარაუდებს.

დამატებულ ფუნქციებს შორისაა გამოწერების ახალი რეპორტები, რომელთა ექსპორტი API-ს მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს დეველოპერებს საშუალებას აძლევს, გააანალიზონ მონაცემები ოფლაინ რეჟიმში ან ინტეგრაცია მოახდინონ საკუთარ სისტემებში. ასევე, ხელმისაწვდომი ხდება მომხმარებელთა ქცევის სიღრმისეული ანალიზი კოჰორტების მიხედვით და ახალი peer group ბენჩმარკები, რომლებიც კომპანიებს კონკურენტებთან საკუთარი შედეგების შედარების შესაძლებლობას აძლევს.

მონაცემთა გასაფილტრად ერთდროულად 7-მდე ფილტრის გამოყენებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, პლატფორმას დაემატა ახალი App Store Analytics Guide, რომელიც დეველოპერებს data-driven სტრატეგიების შემუშავებაში დაეხმარება.

App Store Connect-ის განახლების დრო საყურადღებოა. AI ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე ჩნდება მოსაზრება, რომ ტრადიციული app store-ის მოდელი შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს, თუმცა Apple ცდილობს, ხელოვნური ინტელექტი საკუთარი ეკოსისტემის გასაძლიერებლად გამოიყენოს. Bloomberg-ის ცნობით, კომპანია მომავალ დეველოპერთა კონფერენციაზე AI-ზე დაფუძნებული Siri-ს წარდგენას გეგმავს, რომელიც აპლიკაციების შიგნით კონკრეტული დავალებების შესრულებას შეძლებს.

წყარო: techcrunch.com