
Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple-მა Siri-სა და Vision Pro-ს გუნდებში თანამშრომლების შემცირება დაიწყო. ცვლილებები, ძირითადად, Vision Pro-ს გეიმინგ მიმართულების დახურვასა და იმ გუნდის შემცირებას გულისხმობს, რომელიც მოწყობილობისთვის იმერსიულ კონტენტს ქმნის. ჯამში, კომპანიამ 200-ზე მეტი სამუშაო ადგილი გააუქმა.
Apple-ის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილებები ბიზნესის განვითარებისა და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზების მიზნით ხორციელდება, თუმცა კომპანია ახალი პოზიციების შექმნასაც გეგმავს.
Vision Pro ბაზარზე 2024 წლის დასაწყისში გამოჩნდა, როგორც Apple-ის მთავარი ფსონი „სივრცით კომპიუტინგზე“ (spatial computing), თუმცა 3,499-დოლარიანი ჰედსეტი ბაზარზე დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, Apple უფრო მსუბუქი და თხელი ჰედსეტის შექმნაზე მუშაობს, კომპანიამ შეაჩერა მუშაობა Samsung Display-თან უფრო ხელმისაწვდომი XR მოწყობილობის ეკრანის შემუშავებაზე.
ამავდროულად, Meta-ს ჭკვიანი სათვალეების წარმატების ფონზე, Apple საკუთარი ანალოგის შექმნას გეგმავს. გავრცელებული ცნობებით, პროდუქტის ანონსი 2027 წლის WWDC-ზე იგეგმება, ხოლო გაყიდვები იმავე წლის ბოლოს დაიწყება.
რაც შეეხება Siri-ს, Apple-მა წლევანდელ WWDC-ზე მისი განახლებული, AI-ზე დაფუძნებული ვერსია წარადგინა, რომლის საჯარო ბეტა ვერსიაც მომხმარებლებისთვის წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.
წყარო: theverge.com






