Apple კვლავ გეგმავს iPhone-ების გაყიდვას, როდესაც კომპანია 100 წლის გახდება

Apple ყოველთვის გაურბოდა ნოსტალგიას. 2008 წელს, როდესაც Macintosh 25 წლის ხდებოდა, სტივ ჯობსმა თქვა: „თუ ამ ბიზნესში უკან იყურები, განადგურდები. ყოველთვის წინ უნდა იყურო.“ თუმცა, კომპანიის 50 წლის იუბილეს მოახლოებასთან ერთად, Apple მაინც აღნიშნავს წარსულს. ამიტომ, გადავწყვიტეთ გვეკითხა, თუ რას გეგმავს კომპანია მომავალი 50 წლის განმავლობაში.

ამ თემაზე Apple-ის ორ უფროს აღმასრულებელს, მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტს, გრეგ ჯოსვიაკსა (Joz) და ტექნიკის ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯონ ტერნუსს ვესაუბრეთ. ასევე მოკლედ გავესაუბრეთ ტიმ კუკსაც.

პერსონალური კომპიუტერების რევოლუციის შემდეგ, Apple-მა არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა: Macintosh-მა გრაფიკული ინტერფეისი დანერგა, iMac-მა კომპანია ინტერნეტის ბუმისთვის მოამზადა, ხოლო iPhone-მა მობილური ერა დაიპყრო. ახლა კი მომავალი AI-ს ეკუთვნის — სფეროს, სადაც Apple თითქოს ჩამორჩება.

კომპანიის ლიდერები ამას არ ეთანხმებიან. ჯოსვიაკის თქმით, ისინი AI-ზე ჯერ კიდევ მანამ მუშაობდნენ, სანამ ამ ტერმინს დაარქმევდნენ. ტერნუსი კი აღნიშნავს, რომ Apple-ის პროდუქტები უკვე არსებული AI ინსტრუმენტების გამოსაყენებლად საუკეთესო პლატფორმაა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა Apple სპეციალურად AI-სთვის შექმნილი ახალი ტექნიკის გამოშვებას (როგორც ამას Jony Ive აკეთებს OpenAI-სთან ერთად), ჯოსვიაკმა უპასუხა, რომ iPhone არსად წავა და ის ნებისმიერ ახალ ტექნოლოგიაში ცენტრალურ როლს შეასრულებს. მისი თქმით, კონკურენტებს სწორედ iPhone-ის არქონა უქმნის პრობლემას და მათი შექმნილი მოწყობილობები ხშირად უბრალოდ ტელეფონის აქსესუარებია.

რაც შეეხება ტიმ კუკს, ის მიიჩნევს, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ახალი კატეგორიების გაჩენისა, Apple-ის კულტურა და ღირებულებები მომავალი 50, 100 და 1000 წლის განმავლობაშიც უცვლელი დარჩება. მან სიცილით უარყო OpenAI-ის ლიდერის, სემ ალტმანის მოსაზრება, რომ მომავალში CEO-ს პოზიცია შესაძლოა AI მოდელმა დაიკავოს და აღნიშნა, რომ Apple-ის ხელმძღვანელთა სიაში AI აგენტი არასდროს იქნება.

წყარო: wired.com