
Financial Times-ის ინფორმაციით, Apple დიდი ბრიტანეთის მთავრობის მორიგ სამართლებრივ მოთხოვნას უპირისპირდება, რომელიც კომპანიის მომხმარებელთა დაშიფრულ მონაცემებზე წვდომას ითხოვს.
კომპანიამ საჩივარი შეიტანა დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უფლებამოსილებათა ტრიბუნალში (Investigatory Powers Tribunal) მას შემდეგ, რაც მთავრობამ გასულ წელს ე.წ. „ტექნიკური შესაძლებლობების შეტყობინება“ (technical capability notice) გამოსცა. ეს არის საიდუმლო სამართლებრივი ბრძანება, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს, მოითხოვოს წვდომა მომხმარებელთა მონაცემებზე მაშინაც კი, თუ ისინი დაშიფრულია.
კრიტიკოსების აზრით, მსგავსი მოთხოვნა ფაქტობრივად Apple-ის ღრუბლოვან სერვისებში „უკანა კარის“ (backdoor) შექმნას ნიშნავს. ეს განსაკუთრებით ეხება Advanced Data Protection (ADP) ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ბოლო-ბოლომდე დაშიფვრას (end-to-end encryption) და მათზე წვდომას თავად Apple-საც კი არ აძლევს.
ეს დაპირისპირება Apple-სა და ბრიტანეთის მთავრობას შორის არსებული დაძაბულობის გაგრძელებაა. 2025 წლის დასაწყისში ლონდონმა მსგავსი საიდუმლო ბრძანება გასცა, რომელიც მოგვიანებით, აშშ-ის ადმინისტრაციის ჩარევის შემდეგ გაუქმდა. პირველი მოთხოვნის საპასუხოდ, Apple-მა ბრიტანელი მომხმარებლებისთვის ADP-ის გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდა, თუმცა ოქტომბერში მთავრობამ ახალი ბრძანება გამოსცა, რომელსაც კომპანია ამჟამად სასამართლოში ასაჩივრებს.
წყარო: techcrunch.com






