
Apple-ის ბოლო კვარტალში iPhone-ის გაყიდვები და სერვისების შემოსავლები ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა Mac-მა მოლოდინს გადააჭარბა, რაც AI სამუშაო პროცესებზე მზარდი მოთხოვნით იყო განპირობებული.
უოლ-სტრიტის ინვესტორები Mac-ის შემოსავალს 8 მილიარდი დოლარის ფარგლებში ელოდნენ, თუმცა Apple-მა 28 მარტს დასრულებულ მეორე კვარტალში 8.4 მილიარდი დოლარი დააფიქსირა. გარდა ამისა, წლის ჭრილში Mac-ის გაყიდვები 6%-ით გაიზარდა. კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 111.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 17%-იანი ზრდაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
Apple Mac-ის ზრდის ნაწილს ბოლო პროდუქტების, მათ შორის MacBook Neo-ს გაშვებას უკავშირებს. Tim Cook-მა ინვესტორებთან საუბრისას აღნიშნა, რომ Neo-ზე მომხმარებელთა მოთხოვნა იმაზე ბევრად მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე კომპანია ელოდა.
Cook-ის თქმით, გაყიდვების ზრდა ადგილობრივი AI მოდელების (მაგალითად, OpenClaw) გასაშვებად პლატფორმის გამოყენებამ განაპირობა. Apple-ისთვის ეს გარკვეულწილად მოულოდნელი იყო, რადგან Mac mini და Mac Studio მოწყობილობები ბოლო კვირებში სრულად გაიყიდა.
„ორივე მათგანი შესანიშნავი პლატფორმაა AI და აგენტური ხელსაწყოებისთვის. მომხმარებლების მხრიდან ამის აღიარება იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე ჩვენ ველოდით“, — განაცხადა Cook-მა. მან ასევე აღნიშნა, რომ Mac mini ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი დესკტოპი გახდა.
მიუხედავად ამისა, კვარტალურად Mac-ის შემოსავალი არ შეცვლილა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ახალი მოთხოვნა ჯერ სრულად მასშტაბირებული არ არის. Apple-ს შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს Mac mini-სა და Studio-ს მოდელებზე მიწოდება-მოთხოვნის ბალანსის მისაღწევად.
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კორპორატიულმა მოთხოვნამაც. Apple-მა ხაზი გაუსვა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Perplexity, რომლებმაც enterprise-დონის AI ასისტენტების შესაქმნელად ძირითად პლატფორმად Mac აირჩიეს.
წყარო: techcrunch.com







