
Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლ მიდი, რომელიც Vision Pro-ს პროექტს ხელმძღვანელობდა, კომპანიას ტოვებს და OpenAI-ის ტექნიკური უზრუნველყოფის გუნდს უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი ავრცელებს.
მიდი ასევე ხელმძღვანელობდა Apple-ის მიერ დაგეგმილი AI-ზე დაფუძნებული ჭკვიანი სათვალეების შემუშავებას, რომლის პრეზენტაციაც მომავალ წელს იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ Vision Pro-მ ბაზარზე დიდი კომერციული წარმატება ვერ მოიპოვა, Apple იმედოვნებს, რომ უფრო ხელმისაწვდომი ჭკვიანი სათვალეები დაეხმარება კომპანიას Meta-სთან კონკურენციაში.
გურმანის თქმით, ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ჯონ ტერნუსის Apple-ის აღმასრულებელ დირექტორად დაწინაურებასთან. ტერნუსმა ტექნიკური ინჟინერიის გუნდში სტრუქტურული ცვლილებები განახორციელა, რამაც კომპანიის ზოგიერთი ვიცე-პრეზიდენტის უკმაყოფილება გამოიწვია.
თავის მხრივ, OpenAI უკვე თანამშრომლობს Apple-ის ყოფილ მთავარ დიზაინერთან, ჯონი აივთან, ახალი AI მოწყობილობის შექმნაზე. OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი აცხადებს, რომ ეს პროდუქტი მომხმარებლისთვის უფრო მშვიდ და გაწონასწორებულ გამოცდილებას შექმნის, ვიდრე iPhone-ი, თუმცა გასული წლის მონაცემებით, კომპანია პროექტის დეტალების დახვეწაზე ჯერ კიდევ მუშაობდა.
წყარო: techcrunch.com






