
Apple Maps არასდროს ითვლებოდა სანავიგაციო აპლიკაციების უდავო ლიდერად (ეს სტატუსი ტრადიციულად Google Maps-ს ეკუთვნის). Bloomberg-ის ცნობით, სულ მალე აპლიკაციის მომხმარებლის გამოცდილებას რეკლამებიც დაემატება.
წყაროების თანახმად, Apple ამ ცვლილების დანერგვას მიმდინარე წლის ბოლოსთვის გეგმავს, ოფიციალური განცხადება კი შესაძლოა ამ თვეშივე ვიხილოთ. სარეკლამო განცხადებები iOS-ის Maps აპლიკაციაში სავარაუდოდ ზაფხულიდან გამოჩნდება.
ახალი მოდელის მიხედვით, კომპანიები შეძლებენ საკუთარი ბიზნესის პოპულარიზაციას აპლიკაციაში სპეციფიკური საძიებო სიტყვების შეძენის გზით. მაგალითად, რესტორნების, ბარების ან მაღაზიების ძიებისას, ძიების ტოპ შედეგებად სწორედ ის ბიზნესები გამოჩნდება, რომლებიც აუქციონში გაიმარჯვებენ.
ეს ნაბიჯი Apple-ისთვის შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო გახდება. Google უკვე წლებია იყენებს რეკლამებს თავის სანავიგაციო სისტემაში და მსგავს სარეკლამო შესაძლებლობებს ადგილობრივ ბიზნესებს Bing Maps-იც სთავაზობს. ტექნოლოგიური გიგანტის ამ გეგმებზე ხმები ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრიდან ვრცელდებოდა.
თუკი წლების წინ მომხმარებლები Apple Maps-ს შეზღუდული ფუნქციონალის გამო აკრიტიკებდნენ, ბოლო პერიოდში აპლიკაციამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ იმოქმედებს საძიებო რეკლამების ინტეგრაცია ისეთ მნიშვნელოვან მახასიათებლებზე, როგორიცაა მომხმარებლის კონფიდენციალობის დაცვა და ლოკაციების ისტორია, თუმცა ოფიციალური განცხადების შემდეგ მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
წყარო: techcrunch.com







