Apple App Store-ის გარეთ განხორციელებულ შესყიდვებზე 15%-იან საკომისიოს აწესებს

ხანგრძლივი სამართლებრივი დავის შემდეგ, Apple-მა წარადგინა წინადადება iOS აპლიკაციებში გარე ბმულების გამოყენებით განხორციელებულ შესყიდვებზე საკომისიოს დაწესების შესახებ. კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, კომპანია სტანდარტული აპლიკაციებისთვის 15%-იან საკომისიოს ითხოვს.

ახალი სტრუქტურის მიხედვით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები 5%-იან საკომისიოს გადაიხდიან, ხოლო Video, News და Mini Apps პარტნიორული პროგრამების მონაწილეებისთვის ეს მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს. ასევე, 10%-მდე მცირდება სააბონენტო განახლებების საკომისიო.

აღნიშნული ნაბიჯი Epic Games-თან მრავალწლიანი სასამართლო დავის შედეგია. Apple ცდილობდა პროცესის შეფერხებას, თუმცა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ კომპანიის მოთხოვნა უარყო, რამაც Apple აიძულა, საკომისიოების სტრუქტურა საჯარო გაეხადა. Apple-ის პოზიციით, ეს გადასახადები აუცილებელია App Store-ის ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური სერვისების განვითარებისთვის გაწეული ინვესტიციების ასანაზღაურებლად.

კომპანიამ თავისი მიდგომა Google Play-ს პოლიტიკას შეადარა, სადაც სტანდარტული აპლიკაციებისთვის 20%-იანი საკომისიო მოქმედებს, რაც, Apple-ის მტკიცებით, ბაზარზე არსებულ კონკურენტულ პრაქტიკას შეესაბამება.

წყარო: techcrunch.com