
Anthropic-მა ორშაბათს განაცხადა, რომ შეიძინა Stainless — Stripe-ის ყოფილი ინჟინრის, Alex Rattray-ის მიერ დაფუძნებული სტარტაპი, რომლის პროგრამულ უზრუნველყოფას ფართოდ იყენებენ კონკურენტი AI კომპანიები, მათ შორის OpenAI და Google.
გარიგების ზუსტი დეტალები არ ხმაურდება. თუმცა, გასულ კვირას The Information წერდა, რომ კომპანია აწარმოებდა მოლაპარაკებებს Stainless-ის 300 მილიონ დოლარზე მეტად შესაძენად. სტარტაპის მთავარი ინვესტორები Sequoia Capital და Andreessen Horowitz არიან.
ეს შენაძენი Anthropic-ის კონკურენტებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ მიმწოდებელს წაართმევს. კომპანიის განცხადებით, ისინი ეტაპობრივად გააუქმებენ Stainless-ის ყველა ჰოსტირებულ პროდუქტს, მათ შორის SDK გენერატორს. თუმცა, არსებული მომხმარებლები შეინარჩუნებენ სრულ უფლებებს უკვე გენერირებულ SDK-ებზე და შეეძლებათ მათი სურვილისამებრ მოდიფიცირება.
ავტომატიზაცია AI დეველოპერებისთვის
2022 წელს დაფუძნებული ნიუ-იორკული სტარტაპი AI ინდუსტრიაში პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ნაკრებების (SDK) შექმნისა და მართვის ავტომატიზაციით გახდა ცნობილი. Rattray-მ შექმნა პლატფორმა, რომელიც API-ს სპეციფიკაციებს ავტომატურად გარდაქმნის მზა SDK-ებად ისეთი ენებისთვის, როგორიცაა Python, TypeScript, Kotlin, Go და Java. ინსტრუმენტი განსაკუთრებით პოპულარული გახდა იმით, რომ API-ს ცვლილებისას SDK-ებს ავტომატურად ანახლებს და ხელით მუშაობის რუტინულ პროცესს გამორიცხავს.
აღნიშნული ტექნოლოგია უმნიშვნელოვანესია კომპანიებისთვის, რომლებიც ქმნიან AI აგენტებს. სამომავლოდ, ეს მძლავრი ინსტრუმენტები მხოლოდ Anthropic-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
Anthropic-ის API-ს შექმნის პირველივე დღეებიდან ყველა ოფიციალური SDK სწორედ Stainless-ის პროგრამული უზრუნველყოფით გენერირდებოდა. „ჩვენ ვადევნებდით თვალს, თუ რას ქმნიდნენ დეველოპერები Claude-ის ბაზაზე, რამაც ჩვენი გუნდების გაერთიანების გადაწყვეტილება ძალიან მარტივი გახადა,“ — აღნიშნა Alex Rattray-მ.
წყარო: techcrunch.com







