Anthropic-მა ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლო დავაში გაიმარჯვა

ფედერალურმა მოსამართლემ მხარი დაუჭირა Anthropic-ს ტრამპის ადმინისტრაციასთან მიმდინარე სამართლებრივ დავაში. Wall Street Journal-ის ცნობით, სასამართლომ შეაჩერა მთავრობის ბრძანება, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიას „მიწოდების ჯაჭვის საფრთხედ“ აცხადებდა.

კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის მოსამართლემ, რიტა ფ. ლინმა (Rita F. Lin), ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, გააუქმოს Anthropic-ის უსაფრთხოების რისკად გამოცხადების გადაწყვეტილება და შეწყვიტოს ფედერალური სააგენტოებისთვის კომპანიასთან კავშირის გაწყვეტის მოთხოვნა.

„ეს Anthropic-ის განადგურების მცდელობას ჰგავს“, - განაცხადა მოსამართლემ და აღნიშნა, რომ მთავრობის ბრძანებები არღვევდა კომპანიის სიტყვის თავისუფლების უფლებას.

პენტაგონსა და Anthropic-ს შორის დაპირისპირება გასულ თვეში დაიწყო. კომპანია ითხოვდა შეზღუდვების დაწესებას თავისი AI მოდელების გამოყენებაზე, კერძოდ, ავტონომიური იარაღის სისტემებსა და მასობრივ თვალთვალში მათი გამოყენების აკრძალვას. მთავრობა არ დაეთანხმა ამ შეზღუდვებს და კომპანია „მიწოდების ჯაჭვის საფრთხედ“ გამოაცხადა, რაც ჩვეულებრივ უცხოური აქტორებისთვის გამოიყენება.

თეთრი სახლი ბოლო კვირებში მწვავედ აკრიტიკებდა კომპანიას. Anthropic-ის CEO-მ, დარიო ამოდეიმ (Dario Amodei), თავდაცვის დეპარტამენტის ქმედებებს სადამსჯელო უწოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, Anthropic-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს: „მადლობელი ვართ სასამართლოსი სწრაფი რეაგირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორების დასაცავად იყო აუცილებელი, ჩვენი ფოკუსი კვლავ რჩება მთავრობასთან პროდუქტიულ თანამშრომლობაზე უსაფრთხო და საიმედო AI-ის უზრუნველსაყოფად“.

წყარო: techcrunch.com