AMD-ის ახალი სტრატეგია: ძველი ტექნოლოგია იმდენად კარგია, რომ მისი გამოყენება უნდა გააგრძელოთ

ტაივანში Computex 2026 მიმდინარეობს, სადაც ინდუსტრია RAMageddon-ის ფონზე მაღალი ფასის მქონე კომპიუტერებს წარადგენს. თუმცა, გეიმერებისთვის AMD-ს განსხვავებული შეთავაზება აქვს: კომპანია სამ ძველ კომპონენტს ხელახლა უშვებს და დიდ პირობას დებს — ახალი დედაპლატის შეძენა 2030 წლამდე არ დაგჭირდებათ.

AMD გვპირდება, რომ გააგრძელებს AM5 დედაპლატის სოკეტის მხარდაჭერას ახალი Ryzen პროცესორებით 2029 წლის ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ ათწლეულის ბოლომდე CPU-ის განახლებას დედაპლატის შეცვლის გარეშე შეძლებთ. ძველი AM4 სოკეტის მომხმარებლებისთვის კი კომპანია საიუბილეო, „10th Anniversary“ გამოცემის Ryzen 7 5800X3D-ს უშვებს, რომელიც 25 ივნისიდან 349 დოლარად იქნება ხელმისაწვდომი.

მათთვის, ვისაც AM5 პლატფორმაზე გადასვლა სურს, AMD სთავაზობს ახალ, თუმცა რეალურად ძველ ჩიპს — Ryzen 7 7700X3D-ს 330 დოლარად, რომელიც, სავარაუდოდ, პოპულარული 7800X3D-ის ოდნავ შენელებული ვერსიაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს 2023 წლის ტექნოლოგიაა (ხოლო 9000 სერია 2024 წლის ბოლოს გამოვიდა), ძველი ჩიპები კვლავაც საკმარისად მძლავრი და ენერგოეფექტურია.

რაც შეეხება GPU-ს, AMD-ს ადრე მხოლოდ ჩინეთისთვის განკუთვნილი Radeon RX 9070 GRE სხვა ქვეყნებშიც შემოაქვს 1 ივნისიდან, 549 დოლარად. თუმცა, ეს ფასი გეიმერებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, რადგან ამავე ფასად უფრო მძლავრი RX 9070 უნდა გაყიდულიყო, რომელიც დეფიციტის გამო ბაზარზე რეალურად 600 დოლარზე მეტი ღირდა.

საერთო ჯამში, AMD საინტერესო ნაბიჯს დგამს იმ დროს, როდესაც გეიმინგი სულ უფრო ძვირი სიამოვნება ხდება. გაამართლებს თუ არა კომპანიის ეს სტრატეგია, ამას დრო აჩვენებს.

წყარო: theverge.com