
ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნური ინტელექტის (AI) რბოლაში ლიდერობის შესანარჩუნებლად კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ, რის გამოც კორპორატიული ვალები მკვეთრად იზრდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, Amazon-მა 17.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა.
სესხის გამცემთა შორის არიან ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Citigroup, JPMorgan Chase, Wells Fargo, HSBC და BofA Securities. გარიგება წარმოადგენს ე.წ. „delayed draw term loan“-ს, რაც Amazon-ს საშუალებას აძლევს, თანხა ეტაპობრივად, საკუთარი საჭიროებების მიხედვით აითვისოს.
აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი კანადურ ბაზარზე 14 მილიარდი დოლარის ობლიგაციების გამოშვებიდან სულ რაღაც ორ დღეში გადაიდგა. შედეგად, კომპანიამ 48 საათზე ნაკლებ დროში ჯამში 31.5 მილიარდი დოლარის დაფინანსება მოიზიდა. ოფიციალური განცხადებით, თანხები „ზოგადი კორპორატიული მიზნებისთვის“ იქნება გამოყენებული.
Amazon-ი ერთადერთი არ არის, ვინც AI-ინფრასტრუქტურის, ჩიპებისა და მონაცემთა ცენტრების დასაფინანსებლად კაპიტალს აქტიურად ზრდის. ინვესტორებსა და ანალიტიკოსებს შორის სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: რამდენად გამართლებული იქნება ეს მასშტაბური ინვესტიციები გრძელვადიან პერსპექტივაში?
სესხების მოცულობა სილიკონის ველის სტანდარტებითაც კი შთამბეჭდავია. შედარებისთვის, Alphabet-მა ცოტა ხნის წინ 80 მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვა დააანონსა, ხოლო Meta-მ 30 მილიარდი დოლარის ობლიგაციების გამოშვება გადაწყვიტა, რაც კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
წყარო: techcrunch.com






