
Amazon-მა მომხმარებლებს გაუგზავნა შეტყობინება ვებგვერდის მომსახურების პირობების განახლების შესახებ. ცვლილებების თანახმად, კომპანიასთან წარმოშობილი ნებისმიერი დავა მომავალში არა სასამართლოში, არამედ სავალდებულო არბიტრაჟის გზით უნდა გადაწყდეს. ამასთან, მომხმარებლები უარს აცხადებენ კოლექტიურ სარჩელებზე.
Amazon-ი ამ ნაბიჯს დავების „სწრაფ და ეფექტურ“ მოგვარებად წარმოაჩენს, თუმცა რეალურად ეს მომხმარებლებს ართმევს შესაძლებლობას, საკითხი მოსამართლის ან ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილონ. გამონაკლისს მხოლოდ მცირე დავები წარმოადგენს, სადაც კომპენსაციის ოდენობა შეზღუდულია.
კომპანიის განახლებული პოლიტიკის მიხედვით, ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც Amazon-ის სერვისებს ან პროდუქტებს უკავშირდება, უნდა გადაწყდეს ინდივიდუალური არბიტრაჟით. კოლექტიური ან წარმომადგენლობითი სარჩელები კატეგორიულად იკრძალება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს Amazon-მა მსგავსი ჩანაწერი პირობებიდან ამოიღო, რადგან Alexa-სა და Echo-სთან დაკავშირებული კონფიდენციალურობის პრობლემების გამო კომპანიას არაერთი სამართლებრივი გამოწვევა შეექმნა. ახალი პოლიტიკა მიზნად ისახავს მასშტაბური სასამართლო დავების თავიდან არიდებას. მიუხედავად ამისა, იურიდიული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს შეთანხმება შესაძლოა სასამართლოში არ აღმოჩნდეს მყარი და მოსამართლემ მაინც დაუშვას კოლექტიური სარჩელის წარმოება.
წყარო: theverge.com






