AI სტარტაპმა Listen Labs-მა 1.5 მილიარდიანი დაფინანსება Salesforce-თან მოლაპარაკებების გამო შეაჩერა

ხმოვანი AI-ის გამოყენებით ბაზრის კვლევების განმახორციელებელმა სტარტაპმა Listen Labs-მა უარი თქვა 125 მილიონი დოლარის მოზიდვაზე, მიუხედავად იმისა, რომ Menlo Ventures-ის ლიდერობით 1.5 მილიარდი დოლარის შეფასებით უკვე გაფორმებული ჰქონდათ წინასწარი შეთანხმება (term sheet). ვენჩურული კაპიტალის სამყაროში მსგავსი ნაბიჯი იშვიათია და ხშირად ნეგატიურად ფასდება.

გარიგების ჩაშლის მთავარი მიზეზი Salesforce-თან მიმდინარე მოლაპარაკებებია. CRM-გიგანტი Listen Labs-ის შეძენას დაახლოებით 2 მილიარდ დოლარად განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ არ დასრულებულა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, Listen Labs ბაზარზე 2 მილიარდ დოლარზე მეტი შეფასებით დაბრუნდება.

Listen Labs 2023 წელს ფლორიან იუნგერმანმა და ალფრედ ვალფორსმა დააარსეს. სტარტაპის ტექნოლოგია ავტომატიზირებულად ატარებს მომხმარებელთა ინტერვიუებს, ამუშავებს მონაცემებს და ქმნის ანგარიშებს, რაც Fortune 500-ის კომპანიებს კვლევების ხარჯებისა და დროის მნიშვნელოვან შემცირებაში ეხმარება. კომპანიის კლიენტებს შორის არიან Microsoft, Canva და Anthropic.

ამჟამად Listen Labs-ის წლიური შემოსავალი 30 მილიონ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ Salesforce-ისთვის ეს შენაძენი AI-შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით სტრატეგიული იქნება, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 67-ჯერადი შემოსავლის მულტიპლიკატორით კომპანიის შეძენა შესაძლოა ზედმეტად ძვირი აღმოჩნდეს.

წყარო: techcrunch.com