
OpenAI, Google, Microsoft და Anthropic აცხადებენ, რომ მხარს დაუჭერენ ახალ სტანდარტს, რომელიც გამომცემლებს საშუალებას მისცემს, მარტივად აკრძალონ მათი კონტენტის გამოყენება AI მოდელების წვრთნისთვის. Search Engine Roundtable-ის ინფორმაციით, ეს ინიციატივა გამომცემლებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პრეფერენციები ერთიანად, რამდენიმე AI კომპანიისთვის ერთდროულად დააფიქსირონ.
აღნიშნული საერთო პოლიტიკის ტოკენი, რომელიც Anthropic-ის ტექნიკური ლიდერის, კევინ კელის მიერ არის შემოთავაზებული, Internet Engineering Task Force-ის (IETF) ფარგლებში განიხილება. ის განთავსდება ვებ-გვერდის robots.txt ფაილში, რომელიც ტრადიციულად განსაზღვრავს, თუ რომელ ქროულერებს აქვთ საიტზე წვდომა. ამჟამად, საიტებს უწევთ თითოეული AI კომპანიისთვის ცალ-ცალკე მიუთითონ საკუთარი შეზღუდვები.
ეს ნაბიჯი გადაიდგა მას შემდეგ, რაც გამომცემლები აქტიურად ცდილობენ გაუმკლავდნენ AI ქროულერების მასობრივ შემოსევას. ზოგიერთი ორგანიზაცია უკვე იყენებს ალტერნატიულ მეთოდებს, მაგალითად, Really Simple Licensing (RSL) სტანდარტს ან Cloudflare-ის მიერ შემოთავაზებულ ავტომატურ ბლოკირებას.
OpenAI, Google, Microsoft და Anthropic ადასტურებენ, რომ აღნიშნული ტოკენის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი შეზღუდავენ საკუთარი ქროულერების წვდომას საიტზე. Meta-ს კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ენდი სტოუნმაც გამოხატა მხარდაჭერა საერთო სიგნალის შექმნის მიმართ, თუმცა კონკრეტულად არ დაუზუსტებია, შეუერთდება თუ არა კომპანია ამ სტანდარტს.
Microsoft-ის განცხადებით, ისინი გამომცემლებს შესთავაზებენ დეტალურ კონტროლს, რათა მათ შეძლონ არჩევანის გაკეთება AI წვრთნასა და ე.წ. grounding-ს შორის. კომპანია ხაზს უსვამს, რომ ეს პარამეტრები გავლენას არ მოახდენს საიტების ხილვადობაზე Bing-ის საძიებო სისტემაში. მსგავსი მიდგომა აქვს Google-საც, რომელიც გამომცემლებს საშუალებას აძლევს, მართონ საკუთარი კონტენტის გამოყენება AI ფუნქციებისთვის საძიებო სისტემაში პოზიციების დაკარგვის გარეშე.
Anthropic-მა უკვე დანერგა ეს სიგნალი, ხოლო Google და Microsoft მის მხარდაჭერას მომავალი წლიდან გეგმავენ. OpenAI-ის განცხადებით, აღნიშნული ფუნქციონალი უახლოეს თვეებში გახდება ხელმისაწვდომი.
წყარო: theverge.com






