
დღეს Cerebras Systems 60 მილიარდი დოლარის ღირებულების საჯარო კომპანიაა, რომელიც AI ჩიპებს ისეთ გიგანტებს აწვდის, როგორიცაა OpenAI და AWS. თუმცა, 2019 წელს კომპანია კრახის პირას იყო და კოლოსალურ თანხებს კარგავდა.
„თვეში დაახლოებით 8 მილიონ დოლარს ვხარჯავდით“, - იხსენებს დამფუძნებელი და CEO ენდრიუ ფელდმანი (Andrew Feldman). „ერთ-ერთი ტექნიკური პრობლემის გადასაჭრელად თითქმის 200 მილიონი დოლარი დავწვით“. პრობლემის მოგვარების გარეშე Cerebras განწირული იყო.
რევოლუციური იდეა და დაბრკოლებები
AI სფერო უზარმაზარ გამოთვლით სიმძლავრეს მოითხოვს. Cerebras-ის გუნდის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ შეექმნათ ერთი გიგანტური ჩიპი, ნაცვლად ბევრი პატარა CPU-სი. TSMC-სთან ერთად მეგა-ჩიპის დიზაინისა და წარმოების ეტაპის გადალახვის შემდეგ, გუნდი მთავარ წინაღობას წააწყდა, რაც ე.წ. „packaging-ს“ უკავშირდებოდა. ეს გულისხმობდა გაგრილების, კვების და მონაცემთა გადაცემის სისტემების უზრუნველყოფას.
Cerebras-ის ჩიპები 58-ჯერ დიდი იყო და 40-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარდა. ინდუსტრიაში არ არსებობდა შესაბამისი ვენდორები და პარტნიორები. ტესტირების პროცესში მათ უამრავი ჩიპი და მილიონობით დოლარი გაანადგურეს, თუმცა 2019 წლის ივლისში გამოსავალი იპოვეს და ინოვაციური სისტემა წარმატებით აამუშავეს.
პარტნიორობა OpenAI-სთან
საინტერესოა, რომ ზუსტად იმ პერიოდში, როცა ჩიპმა პირველად იმუშავა, OpenAI Cerebras-ის შეძენას განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ გარიგება არ შედგა, დღეს OpenAI კომპანიის უმსხვილესი მომხმარებელი და პარტნიორია. მათ Cerebras-ს 1 მილიარდი დოლარი ასესხეს, რის სანაცვლოდაც კომპანიის 33 მილიონი აქცია მიიღეს (რაც დღევანდელი ფასით დაახლოებით $9 მილიარდს შეადგენს).
სესხის პირობების თანახმად, Cerebras დროებით ზღუდავს საკუთარი პროდუქციის მიწოდებას OpenAI-ს გარკვეული კონკურენტებისთვის (სავარაუდოდ Anthropic-ისთვის), რათა პარტნიორისთვის საჭირო მოცულობები სრულად უზრუნველყოს. ფელდმანის თქმით, კომპანია ფოკუსირებულია არსებული მოთხოვნის ხარისხიანად დაკმაყოფილებაზე, სანამ ბაზრის სხვა სეგმენტებზე გადაერთვება.
წყარო: techcrunch.com







