ჩინეთის მთავრობამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული უფლებების კონფერენცია გააუქმა

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ციფრული უფლებების კონფერენცია, RightsCon, ჩინეთის მთავრობის ზეწოლის შედეგად გაუქმდა. ღონისძიების ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია Access Now-ს განცხადებით, ჩინელი დიპლომატები ზამბიის მთავრობაზე ზეწოლას ახდენდნენ, რადგან კონფერენციაში ტაივანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პირისპირ მონაწილეობას გეგმავდნენ.

ორგანიზატორების თქმით, მათ არაოფიციალურად აცნობეს, რომ ღონისძიების გასაგრძელებლად კონკრეტული თემების ცენზურა და ტაივანელი მონაწილეების გარიცხვა მოუწევდათ. RightsCon-ზე დაგეგმილი იყო პანელური დისკუსიები ჩინეთის საერთაშორისო გავლენაზე, პეკინის მიერ ციფრული ავტორიტარიზმის ექსპორტზე, დეზინფორმაციასა და კიბერშეტევებზე.

ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე, ზამბიის მთავრობამ მოულოდნელად გამოაცხადა კონფერენციის განუსაზღვრელი ვადით გადადება. მიზეზად დასახელდა მონაწილეთა „უსაფრთხოების შემოწმების“ და „დიპლომატიური პროტოკოლების“ საკითხები. Access Now-ს წარმომადგენლები, Arzu Geybulla და Nikki Gladstone ადასტურებენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა ტაივანელებისთვის საზღვრის კვეთის გართულებას, რის გამოც ტაივანურმა ორგანიზაციებმა, მათ შორის Open Culture Foundation-მა, გაფრთხილება მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურმა დაძაბულობამ კიდევ ერთი ღონისძიება შეაფერხა: UNESCO-ს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე, რომელიც ლუსაკაში RightsCon-ის პარალელურად უნდა ჩატარებულიყო, პარიზში ან ონლაინ ფორმატში გადაიტანეს.

RightsCon 2011 წლიდან აერთიანებს ათასობით მონაწილეს ცენზურის, თვალთვალისა და ინტერნეტში ადამიანის უფლებების დასაცავად. წელს ღონისძიებაზე 2,600-მდე ადამიანს ელოდნენ, მათ შორის ტექნოლოგიური გიგანტების — Meta-ს, Microsoft-ისა და Alphabet-ის წარმომადგენლებს.

ზამბიას, სხვა მასპინძელი ქვეყნებისგან განსხვავებით, პეკინთან ღრმა ეკონომიკური კავშირები აქვს. ჩინეთი ქვეყნის უმსხვილესი კრედიტორია. კონფერენციის გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზამბიამ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება გააფორმა ჩინურ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიასთან. ირონიულია, რომ თავად ის შენობა, სადაც RightsCon უნდა ჩატარებულიყო, 2022 წელს ჩინეთის მთავრობის 30 მილიონიანი გრანტით გაფართოვდა.

Access Now-ს თანააღმასრულებელი დირექტორი, Alejandro Mayoral Baños აცხადებს, რომ RightsCon-ის გაუქმება გლობალური მოძრაობის გაჩუმების გამიზნული მცდელობაა, თუმცა ორგანიზაცია უკან დახევას არ აპირებს.

წყარო: wired.com