
გერარდო პაჩუკა, ყოფილი დეტექტივი და სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხოების კონსულტანტი, აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში AI მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი ძვირადღირებული ტექნიკის ქურდობა უპრეცედენტო, აგრესიულ ხასიათს ატარებს. კრიმინალები უკვე იყენებენ ე.წ. „PIT მანევრებს“ და მიზანმიმართულ შეჯახებას, რათა გაანეიტრალონ ტვირთის თანმხლები დაცვის ავტომობილები და გაიტაცონ მილიონობით დოლარის ღირებულების სერვერები თუ ჩიპები.
ექსპერტების თქმით, ეს არ არის სპონტანური დანაშაული. კრიმინალური დაჯგუფებები იყენებენ დახვეწილ სქემებს: ჰაკერული შეტევებით იპარავენ სატრანსპორტო კომპანიების მონაცემებს, ყიდულობენ ლეგალურ სალიცენზიო ნომრებს და თავს ასაღებენ სანდო გადამზიდავებად. ხშირ შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილის მძღოლებიც თავად არიან ჩართულნი სქემაში, რის გამოც ტვირთი დანიშნულების ადგილამდე არასდროს აღწევს.
სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრია სერიოზული გამოწვევის წინაშეა. მიუხედავად იმისა, რომ ქურდობის საერთო რაოდენობა შემცირდა, მოპარული ტვირთის ღირებულება გაორმაგდა. AI ინდუსტრიის ბუმმა ეს ტექნიკა შავ ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახადა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოპარული ტექნიკის ნაწილი საზღვარგარეთ, მათ შორის ჩინეთში ხვდება, რაც ამ დანაშაულს საერთაშორისო მასშტაბის პრობლემად აქცევს.
კომპანიები იძულებულნი არიან გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები: გამოიყენონ GPS-ტრეკერები, სანომრე ნიშნების ამომცნობი კამერები და მძღოლების იდენტიფიკაციის მკაცრი სისტემები. თუმცა, კანონმდებლობის ფრაგმენტულობა და დაბალი საგამოძიებო ეფექტურობა კრიმინალებს კვლავ აძლევს საშუალებას, ეს სფერო „დაბალი რისკისა და მაღალი მოგების“ ზონად განიხილონ.
წყარო: wired.com






