
ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანულ ენერგოკომპანია RWE-სთან ოფშორული ქარის ელექტროსადგურების იჯარის გაუქმების სანაცვლოდ 1.2 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდაზე შეთანხმდა. ეს პროექტები კალიფორნიის, ლუიზიანასა და ნიუ-იორკის სანაპიროებზე უნდა განხორციელებულიყო.
შეთანხმების ფარგლებში, RWE მიღებულ თანხას 900 მილიონ დოლარს ლუიზიანაში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტის ტერმინალში წილის შესაძენად გამოიყენებს. დარჩენილი 300 მილიონი დოლარი კი ბუნებრივი აირის ტურბინების შესყიდვას მოხმარდება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 15 ე.წ. „პიკური დატვირთვის“ ელექტროსადგურს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ეს სადგურები ენერგეტიკაში ყველაზე ძვირადღირებულ და გარემოსთვის დამაბინძურებელ ობიექტებად ითვლება.
მიუხედავად აშშ-ში მიმდინარე ცვლილებებისა, RWE არ წყვეტს ოფშორული ქარის ენერგეტიკაში ინვესტირებას. კომპანიამ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის აუქციონზე 6.9 გიგავატი სიმძლავრის პროექტები შეიძინა. საერთო ჯამში, ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე 3.93 მილიარდი დოლარი გადაიხადა 12 სხვადასხვა პროექტის გაუქმების სანაცვლოდ, რომელთა განხორციელებაზეც დეველოპერებმა უარი თქვეს.
წყარო: techcrunch.com






