
Microsoft-ის CEO სატია ნადელას Wall Street-ის ანალიტიკოსმა პირდაპირ ჰკითხა, თუ რა გავლენას მოახდენდა განახლებული OpenAI პარტნიორობა კომპანიის ფინანსებზე.
ნადელამ უპასუხა, რომ ახალი შეთანხმება ყველასთვის მომგებიანია: „OpenAI-სთან ჩვენი პარტნიორობით კმაყოფილები ვართ. ყოველთვის ვფოკუსირდები იმაზე, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა win-win პრინციპზე იყოს აგებული.“
მან ხაზი გაუსვა, რომ Microsoft-მა შეინარჩუნა წვდომა OpenAI-ს ინტელექტუალურ საკუთრებაზე (მოდელებისა და აგენტების ჩათვლით), თუმცა მათში ფულის გადახდა აღარ მოუწევს. 2032 წლამდე ყველაზე მოწინავე AI-ზე უფასო წვდომის შესახებ საუბრისას მან აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს წვდომა მოწინავე მოდელზე და მის ყველა IP უფლებაზე 2032 წლამდე. ვგეგმავთ, რომ ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ.“
გავრცელებული ვარაუდებით, რადგან Microsoft-ს აღარ ექნება ექსკლუზიური წვდომა OpenAI-ს ტექნოლოგიაზე, პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი AI სფეროში უპირატესობას დაკარგავდა. მით უმეტეს, რომ OpenAI-მ უკვე დააანონსა ექსკლუზიური AI პროდუქტები Microsoft-ის მთავარ cloud კონკურენტთან, Amazon-თან.
თუმცა, ნადელამ ეს შეშფოთება უარყო. ოთხშაბათს Microsoft-მა ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მათმა AI ბიზნესმა წლიურ შემოსავალში $37 მილიარდს გადააჭარბა, რაც წლიური 123%-იანი ზრდაა.
ნადელამ ასევე აღნიშნა, რომ Microsoft-ი OpenAI-სგან შემოსავალს სხვა გზებითაც იღებს: „ისინი ჩვენი მსხვილი მომხმარებლები არიან როგორც AI აქსელერატორების, ისე გამოთვლითი სერვისების მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენ ვფლობთ მათ წილს.“ ის გულისხმობდა OpenAI-ს ვალდებულებას, შეიძინოს 250 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების Microsoft-ის cloud სერვისები, ასევე Microsoft-ის 27%-იან წილს თავად OpenAI-ში.
საბოლოოდ, ნადელამ ხაზი გაუსვა, რომ კომპანიებს ხშირად რამდენიმე AI მოდელის გამოყენება სურთ, ამიტომ OpenAI-ს მნიშვნელობა ინდუსტრიაში ისეთი დომინანტური აღარ არის, როგორც ადრე.
„ჩვენ მომხმარებლებს მოდელების ყველაზე ფართო არჩევანს ვთავაზობთ. მათ შეუძლიათ აირჩიონ სწორი მოდელი თავიანთი ამოცანებისთვის — იქნება ეს OpenAI, Anthropic, open source თუ სხვა. 10 000-ზე მეტმა მომხმარებელმა უკვე გამოიყენა ერთზე მეტი მოდელი,“ - განაცხადა მან.
დრო გვიჩვენებს, რამდენად მომგებიანი იქნება ეს გარიგება. მანამდე კი, Microsoft-ი აგრძელებს cloud-ის ინდუსტრიაში ზრდასა და სტაბილური მოგების გენერირებას.
წყარო: techcrunch.com







