როგორ ახერხებენ ჩინეთში Anthropic-ის გეოგრაფიული შეზღუდვების გვერდის ავლით Claude-ზე წვდომას

Anthropic-ი მაქსიმალურად ცდილობს, ჩინეთში მყოფ მომხმარებლებს თავისი AI მოდელების გამოყენება შეეზღუდოს, თუმცა პრაქტიკაში ეს დაცვის მექანიზმები ხშირად არაეფექტურია. გასული წლის განმავლობაში ჩინელმა სტარტაპებმა, მკვლევრებმა და ტექნოლოგიურმა ენთუზიასტებმა Claude-ზე წვდომისთვის დახვეწილი მეთოდები შეიმუშავეს, რადგან მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ AI ასისტენტად მიიჩნევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინელი მომხმარებლები VPN-ებისა და უცხოური ნომრების გამოყენებით OpenAI-ის ChatGPT-ზე წვდომას შედარებით მარტივად ახერხებენ, Anthropic-ი უფრო მკაცრ ზომებს მიმართავს და ეჭვმიტანილ ანგარიშებს უპირობოდ ბლოკავს. ამან ჩინეთში Claude-ზე წვდომის „შავ ბაზარს“ დაუდო სათავე. პოპულარული გახდა ე.წ. „სატრანსფერო სადგურები“ (transfer stations), რომლებიც შუამავლის როლს ასრულებენ: ისინი ყიდულობენ Anthropic-ის API-ს წვდომას ქვეყნის გარეთ და შემდეგ ანაწილებენ მას ჩინეთში მყოფ მომხმარებლებზე.

ტექნიკური სირთულეების მიუხედავად, Claude განსაკუთრებით პოპულარულია ჩინელ პროგრამისტებში. ექსპერტების აზრით, ჩინური AI მოდელები ამერიკულ ანალოგებს 6-9 თვით ჩამორჩებიან, განსაკუთრებით კოდის გენერირებისა და პროგრამირების მიმართულებით. Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი დარიო ამოდეი ჩინურ წვდომას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, თუმცა ეს შეზღუდვები მომხმარებლებს არ აჩერებს.

უსაფრთხოების ახალი ზომები, როგორიცაა პირადობის ვერიფიკაცია (KYC), მხოლოდ იმას იწვევს, რომ შავ ბაზარზე გაყიდვაში უკვე ვერიფიცირებული ანგარიშები ჩნდება. ეს პროცესი მომხმარებლებს ახალი რისკების წინაშე აყენებს, რადგან შუამავალმა სერვისებმა შესაძლოა მათი კონფიდენციალური მონაცემები და მოთხოვნები მესამე პირებს მიჰყიდონ, რაც AI უსაფრთხოების კუთხით ახალ გამოწვევებს ქმნის.

წყარო: wired.com