რატომ დახურა OpenAI-მ Sora

OpenAI-მ მოულოდნელად გამოაცხადა ვიდეო-გენერაციის აპლიკაციის, Sora-ს დახურვის შესახებ. კომპანიამ ასევე გააუქმა ChatGPT-ში ვიდეოს ინტეგრაციის გეგმები, შეწყვიტა 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სტრატეგიული შეთანხმება Disney-სთან, განახორციელა ცვლილებები ტოპ-მენეჯმენტში და დამატებით $10 მილიარდი მოიზიდა ინვესტორებისგან, რითაც კომპანიის ჯამურმა დაფინანსებამ $120 მილიარდს გადააჭარბა.

ამჟამად OpenAI-ს მთავარი მიზანი მოგებაზე გასვლა, ან სულ მცირე, ზარალის შემცირებაა. გაშვების დღიდან Sora უზარმაზარ გამოთვლით რესურსებს (compute) მოითხოვდა, რისი ფინანსური გამართლებაც ვერ მოხერხდა. კონკურენტების (მაგალითად, Anthropic და Google) მხრიდან მზარდი წნეხის ფონზე, ტოპ-მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული ფოკუსის ცვლილება აუცილებელია.

"ჩვენ არ შეგვიძლია ეს მომენტი ხელიდან გავუშვათ მხოლოდ იმიტომ, რომ მეორეხარისხოვანი ამოცანებით (side quests) ვართ დაკავებულნი", — განუცხადა თანამშრომლებს Fidji Simo-მ, OpenAI-ს AGI დანერგვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. "მთავარი ფოკუსი ახლა ბიზნეს-პროდუქტიულობაზე უნდა გავაკეთოთ."

Sora-სთვის კონკურენცია AI ვიდეო-გენერაციის ინდუსტრიაში საკმაოდ რთული აღმოჩნდა. Sensor Tower-ის მონაცემებით, აპლიკაციის პოპულარობა მკვეთრად დაეცა: თუ ნოემბერში მას 6.1 მილიონი გადმოწერა ჰქონდა, მარტში ეს მაჩვენებელი 1.1 მილიონამდე შემცირდა, მიუხედავად ახალ ბაზრებზე ექსპანსიისა.

ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ნაბიჯი Disney-სთან 3-წლიანი სალიცენზიო შეთანხმების გაუქმება აღმოჩნდა. გარიგება ითვალისწინებდა Disney-ს პერსონაჟების AI-გენერირებულ ვიდეოებში გამოყენებას და ახალი პროდუქტების შექმნას Disney+-ისთვის. ექსპერტების შეფასებით, Disney კვლავ ღიაა სხვა AI სტარტაპებთან (მაგ. Runway, Google, Kling) თანამშრომლობისთვის.

როგორც OpenAI-ს პრესსპიკერმა განაცხადა, სამომხმარებლო აპლიკაციისა და API-ს დახურვის შემდეგ, გამოთავისუფლებული რესურსები სრულად მოხმარდება AI აგენტების შექმნასა და რეალური სამყაროს სიმულაციური კვლევების (მათ შორის რობოტიკის) განვითარებას. კოდირებისა და enterprise ინსტრუმენტებზე ფოკუსირებით კომპანია ცდილობს ინვესტორების ნდობის გამყარებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მიმდინარე წელს OpenAI შესაძლოა IPO-ზე გავიდეს.

წყარო: theverge.com