
გასულ პარასკევს, სწრაფი მოდის გიგანტმა Shein-მა დაასრულა ამერიკული ტანსაცმლის რითეილერის, Everlane-ის შესყიდვის პროცესი. Everlane-მა სახელი „რადიკალური გამჭვირვალობის“ დაპირებით გაითქვა. გარიგების ოფიციალური ფასი არ გამოცხადებულა, თუმცა Puck-ის ინფორმაციით, მან 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2010 წელს დაარსებული Everlane გახდა მილენიალების იმგვარი მომხმარებლობის სიმბოლო, რომელიც Shein-ის სრულ საპირისპიროდ მიიჩნეოდა. ის ყიდდა დახვეწილ საბაზისო ტანსაცმელს და ეკოლოგიურად შეგნებულ მყიდველებს მორალურ სიმშვიდეს ჰპირდებოდა. ამის საპირისპიროდ, Shein ინტერნეტს წარმოუდგენლად იაფი და ტრენდული ტანსაცმლით ავსებდა, რის გამოც ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი შრომითი პირობების დარღვევის ბრალდებით.
ამ განსხვავებული პოზიციონირების გამო, ბევრისთვის ეს შესყიდვა ირონიული ან თითქმის დისტოპიური აღმოჩნდა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს გარიგება სრულიად ლოგიკურია და შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, თუ საით მიემართებიან ჩინური სამომხმარებლო კომპანიები.
ჩინურმა ელექტრონული კომერციის გიგანტებმა გლობალური ბაზარი იაფი პროდუქციის მასშტაბური გაყიდვებით დაიპყრეს. Shein და Temu სარგებლობდნენ აშშ-ის საგადასახადო შეღავათით (de minimis), რომელიც 800 დოლარზე ნაკლები ღირებულების ამანათებს ტარიფებისგან ათავისუფლებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი ტარიფები დააწესა და ეს შეღავათი გააუქმა, ჩინურმა კომპანიებმა გააცნობიერეს, რომ დასავლურ ბაზრებზე მხოლოდ დაბალი ფასებით ვეღარ გაძლებდნენ. მათ მდგრადი, ძლიერი ბრენდები დასჭირდათ.
Shein-ის მიერ Everlane-ის შეძენა უფრო ფართო ტრენდის ნაწილია. ჩინური კომპანიები ცდილობენ გასცდნენ ანონიმურ, იაფფასიან წარმოებას და ფლობდნენ ცნობილ გლობალურ ბრენდებს, რომლებიც ასოცირდება ხარისხთან და სტატუსთან. მაგალითად, Temu-ს მშობელმა კომპანიამ, Pinduoduo-მ, დაიწყო მრავალმილიარდიანი ინიციატივა New PinMu, რათა ჩინურ ქარხნებს პრემიუმ ბრენდების შექმნაში დაეხმაროს. ჩინურმა Luckin Coffee-მ ახლახან შეიძინა ამერიკული Blue Bottle, ხოლო სპორტული ტანსაცმლის გიგანტი Anta Sports უკვე წლებია ყიდულობს ისეთ პრემიუმ ბრენდებს, როგორიცაა Arc’teryx და Salomon.
ეს ტენდენცია ჩინეთის შიდა პოლიტიკურ წნეხსაც ასახავს. პეკინს სურს, რომ კომპანიებმა ყურადღება გაამახვილონ მდგრად ზრდაზე, მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და გლობალურ კონკურენტუნარიანობაზე, ნაცვლად დაუსრულებელი საფასო ომებისა.
რაც შეეხება Everlane-ს, კომპანიამ ბოლო წლებში დაკარგა კულტურული აქტუალობა და ფინანსურ სირთულეებს აწყდებოდა. მიუხედავად ამისა, მას გააჩნია უმნიშვნელოვანესი აქტივი: ცნობილი ამერიკული ბრენდი, რომელიც ესთეტიკურ მინიმალიზმთან ასოცირდება. ასეთი იდენტობის ნულიდან შექმნას წლები სჭირდება, ამიტომ Shein-ისთვის მისი მზა სახით ყიდვა ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა.
წყარო: wired.com







