
სილიკონის ველი დარწმუნებულია, რომ AI აგენტები ტექნოლოგიური მომავალია. ინდუსტრიის ლიდერები ავტომატიზაციაზე, გადახდის სისტემებსა და უსაფრთხოებაზე მუშაობენ, თუმცა რეალურ სამყაროში მომხმარებელთა უმრავლესობას AI აგენტებთან შეხება არ ჰქონია. შესაძლოა, მიზეზი ისაა, რომ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მათ ამის რეალური საჭიროება ვერ დაანახეს.
The Browser Company-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოშ მილერმა, სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური მზაობისა, ფართო საზოგადოება AI აგენტებით არ ინტერესდება. მილერის თქმით, პრობლემა იმაშია, რომ ინდუსტრია ფოკუსირებულია თავად ტექნოლოგიაზე და არა მომხმარებლის რეალურ საჭიროებებზე. სტატისტიკაც ამას ადასტურებს: მაშინ როცა ChatGPT-სა და Gemini-ს მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს, AI აგენტების მომხმარებელთა რაოდენობა შედარებით მცირეა.
მილერი მიიჩნევს, რომ „AI აგენტი“ არის ინდუსტრიის მიერ გამოგონილი ტერმინი, რომელიც მომხმარებლისთვის არაფერს ნიშნავს. მისი აზრით, კომპანიებმა უნდა შექმნან პროდუქტები, რომლებიც ადამიანებს სიმშვიდესა და პროდუქტიულობას მოუტანს, ხოლო ტექნოლოგიური „აგენტური“ ნაწილი ფონად უნდა დარჩეს. მაგალითად, მის მიერ შექმნილ ბრაუზერში, Dia, AI აგენტები ავტომატურად ამზადებენ დღის გეგმას, თუმცა მომხმარებლისთვის ეს უბრალოდ მოსახერხებელი ფუნქციაა და არა „აგენტი“.
სილიკონის ველის პრობლემა „ჯგუფური აზროვნებაა“. ბევრი ლაბორატორია შთაგონებულია სამეცნიერო ფანტასტიკით, რაც ზღუდავს პროდუქტის დიზაინის მრავალფეროვნებას. მილერი მოუწოდებს დამფუძნებლებს, გასცდნენ არსებულ ნარატივს და შექმნან ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც იქნება სასიამოვნო, გამოსადეგი და მარტივად გამოსაყენებელი, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნოლოგია დგას მათ უკან.
წყარო: wired.com






