
AI კომპანია Thinking Machines, რომელიც OpenAI-ის ყოფილმა CTO-მ, Mira Murati-მ დააარსა, აცხადებს, რომ ე.წ. „ინტერაქციულ მოდელებზე“ მუშაობს. Thinking Machines-ის თანახმად, აღნიშნული მოდელები ადამიანებს საშუალებას მისცემს, AI-სთან ისევე ითანამშრომლონ, როგორც ერთმანეთთან. მოდელები მუდმივ რეჟიმში აღიქვამენ აუდიოს, ვიდეოსა და ტექსტს, რაზეც რეალურ დროში ფიქრობენ და რეაგირებენ.
კომპანიის განმარტებით, დღევანდელი მოდელები რეალობას ერთხაზოვნად აღიქვამენ. სანამ მომხმარებელი ბეჭდვას ან საუბარს არ დაასრულებს, მოდელი ელოდება და არ აქვს წარმოდგენა, რას ან როგორ აკეთებს მომხმარებელი. გენერირების დასრულებამდე მისი აღქმა „იყინება“ და ახალ ინფორმაციას ვერ იღებს. ეს ქმნის ვიწრო არხს ადამიანისა და AI-ს თანამშრომლობისთვის, რაც ზღუდავს მომხმარებლის ცოდნისა და განზრახვის სრულფასოვან გაცვლას.
„Thinking Machines-ში გვჯერა, რომ ამ პრობლემის გადაჭრას რეალურ დროში, ნებისმიერ მოდალობაში მუშაობით შევძლებთ. ეს AI ინტერფეისებს საშუალებას მისცემს, ადამიანებს ბუნებრივ გარემოში მოერგონ“, — აცხადებენ კომპანიაში.
მათ ასევე წარადგინეს მოდელის მუშაობის რამდენიმე მაგალითი: მოთხრობაში ცხოველების ხსენების ამოცნობა, რეალურ დროში თარგმნა და მომხმარებლისთვის არასწორი ჯდომის პოზიციის შეხსენება.
Thinking Machines შეზღუდული კვლევითი პრევიუს გახსნას უახლოეს თვეებში გეგმავს, ხოლო უფრო მასშტაბური რელიზი წლის ბოლოსკენ იგეგმება. Murati-მ კომპანია 2025 წლის თებერვალში, OpenAI-დან წამოსვლის შემდეგ დააარსა. ახალ AI ლაბორატორიას უკვე მოუწია რამდენიმე საკვანძო თანამშრომლის წასვლასთან გამკლავება, რომლებიც Meta-ში და უკან OpenAI-შიც კი გადავიდნენ.
წყარო: theverge.com







