პოლონეთის განცხადებით, ჰაკერებმა წყლის გამწმენდი ნაგებობები გატეხეს, აშშ-ც ანალოგიური საფრთხის წინაშეა

პოლონეთის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ხუთ წყლის გამწმენდ ნაგებობაზე კიბერთავდასხმები გამოავლინა. ჰაკერებს შეეძლოთ შიდა ინდუსტრიულ აღჭურვილობაზე კონტროლის მოპოვება და წყალმომარაგების უსაფრთხოების ხელყოფაც კი.

ეს საფრთხე პოლონეთის ფარგლებს სცდება: აშშ-ის წყლის ინფრასტრუქტურა ბოლო წლებში მსგავსი პრობლემების წინაშე დგას. 2021 წელს, ჰაკერმა ფლორიდაში, წყლის გამწმენდ სადგურზე წვდომა მოიპოვა და ქიმიური ნივთიერებების საშიშ დონემდე გაზრდა სცადა. FBI და CISA აფრთხილებენ, რომ წყალმომარაგების ობიექტები უცხოელი ჰაკერებისთვის მარტივ სამიზნედ რჩება.

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, ქვეყნის დაზვერვამ რუსი ჯაშუშებისა და ჰაკერების არაერთი საბოტაჟი აღკვეთა. სამიზნეს წარმოადგენდა სამხედრო ობიექტები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო დანიშნულების ლოკაციები.

„ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება რუსეთის დაზვერვის მიერ ორგანიზებული საბოტაჟი. ეს საფრთხე რეალური და მყისიერია, რაც სრულ მობილიზაციას მოითხოვს,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

მსოფლიო მასშტაბით, წყლისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები იზრდება. გასულ თვეში, აშშ-ის ფედერალურმა სააგენტოებმა (CISA, FBI, NSA) გაავრცელეს გაფრთხილება, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერები, მათ შორის ჯგუფი CyberAv3ngers, აქტიურად უმიზნებენ ამერიკულ ინდუსტრიულ კომპიუტერებს.

პოლონეთზე თავდასხმები იმ ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც რუსეთის მთავრობა იყენებს როგორც საომარ ზონებში, ისე დასავლური ქვეყნების წინააღმდეგ. კიბერთავდასხმები და კიბერჯაშუშობა დასავლეთის დესტაბილიზაციის მთავარი ინსტრუმენტებია.

წყარო: techcrunch.com