
ნიუ-მექსიკოს სასამართლომ Meta-ს დამატებით 567 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება მარტში დაკისრებულ 375 მილიონ დოლარს ემატება, რითაც კომპანიის მიერ გადასახდელი ჯამური თანხა 942 მილიონ დოლარს აღწევს. საქმე სოციალური მედიის მიერ მიყენებულ ზიანსა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ეხება.
სასამართლომ Meta-ს პლატფორმების ფუნქციონირებაში ცვლილებების შეტანაც დაავალა. კერძოდ, კომპანიამ უნდა გააუქმოს „Like“-ების რაოდენობის ჩვენება 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამაზე თანხმობას მშობელი ან მეურვე განაცხადებს. ასევე, იზღუდება Push-შეტყობინებები ღამის საათებში (22:00-დან 07:00-მდე), ხოლო პლატფორმებზე გატარებული დრო თვეში 90 საათით, ანუ დღეში დაახლოებით სამი საათით განისაზღვრა.
სასამართლოს განცხადებით, ნიუ-მექსიკოს მრავალი მოქალაქე განიცდის ზიანს Meta-ს პროდუქტების გამო, რაც დაკავშირებულია სექსუალური ექსპლუატაციის რისკებთან, განათლების პროცესის ხელშეშლასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთან. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ Meta ერთადერთი პლატფორმა არ არის, რომელიც ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისს იწვევს, კომპანიის წვლილი ამ პროცესში მნიშვნელოვანია.
Meta-ს წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა განაცხადა, რომ კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, Meta აქტიურად მუშაობს მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე და არ ეთანხმება ბრალდებებს, რომლებიც, მათი აზრით, ფაქტებს ამახინჯებს. თავის მხრივ, ნიუ-მექსიკოს გენერალურმა პროკურორმა რაულ ტორესმა აღნიშნა, რომ კომპანიამ წლების განმავლობაში უპირატესობა მოგებას მიანიჭა და არა ბავშვთა უსაფრთხოებას.
წყარო: techcrunch.com






