ნაფიცმა მსაჯულებმა Meta და Google სოციალური მედიის დამოკიდებულების ისტორიულ პროცესში დამნაშავედ ცნეს

მას შემდეგ, რაც Meta-მ ნიუ-მექსიკოში ბავშვთა უსაფრთხოების მსგავსი სასამართლო დავა წააგო, ლოს-ანჯელესის ნაფიცმა მსაჯულებმა სოციალური მედიის გიგანტს — და მის კონკურენტ Google-ს — კიდევ ერთი მარცხი აგემეს. საქმეში, სადაც მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ სოციალურმა პლატფორმებმა ახალგაზრდა ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს მოსარჩელეს.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, Meta და Google 3 მილიონი დოლარის ოდენობის საკომპენსაციო ზიანს აანაზღაურებენ, საიდანაც 70%-ის გადახდა Meta-ს მოუწევს. მსაჯულების მიერ დამატებითი ზიანის ანაზღაურების საკითხზე მსჯელობა კვლავ გრძელდება.

ეს ისტორიული საქმე მიზნად ისახავდა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ ზიანის გამო, რაც Instagram-მა და YouTube-მა 20 წლის კეილის მიაყენეს. მისი თქმით, ამ აპლიკაციებმა ხელი შეუწყო მის შფოთვას, დეპრესიასა და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს. Meta-ს იურისტები თავის მართლებას ცდილობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ფსიქიკური პრობლემები სხვა ფაქტორებით, მაგალითად რთული ოჯახური პირობებითა და მშობლების განქორწინებით იყო გამოწვეული.

თუმცა, სასამართლოზე წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა მსაჯულები დაარწმუნა. გაირკვა, რომ Meta აცნობიერებდა მისი პლატფორმების დამოკიდებულების გამომწვევ (addictive) ბუნებას თინეიჯერებში და ამ კვლევების შედეგებს ახალგაზრდა მომხმარებლების ჩართულობის (engagement) გასაზრდელად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, TikTok-მა და Snap-მა მოსარჩელესთან მორიგებას მიაღწიეს.

ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მნიშვნელოვან პრეცედენტად იქცეს. იგი აწესებს სტანდარტს, რომ სოციალური მედიის კომპანიები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი პლატფორმებისა და ალგორითმების მიერ მიყენებულ ზიანზე. აღნიშნული სხვა მოსარჩელეებისთვისაც ახალ სასამართლო დავებს გაუხსნის გზას. როგორც მოსალოდნელი იყო, Google და Meta განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

წყარო: techcrunch.com