
ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Microsoft და Meta, აქტიურად აშენებენ ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურებს თავიანთი მონაცემთა ცენტრების ენერგიით უზრუნველსაყოფად. თუმცა, BloombergNEF-ის ახალი ანგარიშის თანახმად, მსგავსი ობიექტის აშენების ღირებულება ბოლო ორ წელიწადში 66%-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ბუნებრივი აირის ფასები კვლავ დაბალია, ახალი კომბინირებული ციკლის აირტურბინული (CCGT) ელექტროსადგურის აშენების ფასი 2023 წლის $1,500-დან (1 კვტ-ზე), შარშან $2,157-მდე გაიზარდა. ამასთან, ახალი ობიექტის დასრულებას ახლა 23%-ით მეტი დრო სჭირდება.
მონაცემთა ცენტრები ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია. ეს ტენდენცია არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ კომუნალურ კომპანიებსაც აიძულებს ბუნებრივ აირში ინვესტირებას. მოთხოვნა მონაცემთა ცენტრებიდან 2035 წლისთვის 40 გიგავატიდან 106 გიგავატამდე გაიზრდება. იზრდება თავად ცენტრების მასშტაბებიც — მომდევნო ათწლეულში საშუალო მონაცემთა ცენტრის სიმძლავრე 100 მეგავატს გადააჭარბებს.
დღემდე ტექნოლოგიური კომპანიები უპირატესობას ქსელთან დაკავშირებულ მონაცემთა ცენტრებს ანიჭებდნენ, რომლებიც ქარისა და მზის ენერგიაზე იყო დაფუძნებული. მაგრამ AI-ის განვითარებამ და ენერგიაზე მზარდმა მოთხოვნამ ბუნებრივი აირის პროექტების დაჩქარება გამოიწვია.
ამ პროცესმა აირტურბინების დეფიციტი შექმნა. აღჭურვილობის ფასები, რაც სადგურის საერთო ღირებულების 30%-ს შეადგენს, 2019 წელთან შედარებით 195%-ითაა გაზრდილი, ხოლო ტურბინების დამზადების რთული პროცესის გამო მოლოდინის რეჟიმი 2030-იანი წლების დასაწყისამდე გრძელდება.
ამის საპირისპიროდ, Google-მა დაიწყო ახალი მიდგომის შემუშავება, რომელიც განახლებად ენერგიასა და ხანგრძლივი შენახვის ბატარეებს (მაგალითად, Form Energy-ის რკინა-ჰაერის ბატარეებს) ეყრდნობა. აირტურბინებისგან განსხვავებით, მზის პანელები და ბატარეები დროთა განმავლობაში იაფდება, რაც ბუნებრივი აირის სადგურების ძვირადღირებულ ალტერნატივას წარმოადგენს.
წყარო: techcrunch.com







