მიუხედავად თანამშრომელთა შიშებისა, Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგი ამბობს, რომ AI „უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის“

ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ სამუშაო ადგილების ჩანაცვლების შიშის მიუხედავად, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი მიიჩნევს, რომ თანამშრომლებს სანერვიულო არაფერი აქვთ. Milken Institute-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ჟურნალისტ ბეკი ქვიქთან საუბრისას, ჰუანგმა განაცხადა, რომ AI ინდუსტრიული მასშტაბით ქმნის სამუშაო ადგილებს და არ წარმოადგენს მასობრივი უმუშევრობის წინაპირობას.

დისკუსიის მთავარი თემა AI ინდუსტრიის გარშემო არსებული ეკონომიკური შფოთვა იყო. კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა პროცესების სწრაფი განვითარება უთანასწორობას და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამას, ჰუანგმა ოპტიმისტური პოზიცია დააფიქსირა: „AI ქმნის სამუშაო ადგილებს და ის საუკეთესო შესაძლებლობაა რეინდუსტრიალიზაციისთვის“. მისი თქმით, AI ინდუსტრიას ახალი ტიპის ქარხნები კვებავს, რომლებიც კრიტიკულ აპარატურას (hardware) აწარმოებენ, რასაც, ბუნებრივია, მუშა-ხელი სჭირდება.

ჰუანგმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან დეტალს: კონკრეტული დავალების ავტომატიზაცია არ ნიშნავს ადამიანის პოზიციის სრულად ჩანაცვლებას. როდესაც AI როლის ფარგლებში ცალკეულ ამოცანებს იბარებს, თანამშრომლის ფართო ფუნქცია ორგანიზაციაში მაინც ნარჩუნდება.

Nvidia-ს ხელმძღვანელმა გააკრიტიკა ისინი, ვინც საზოგადოებას AI-ს მიერ კაცობრიობის დამორჩილების სამეცნიერო-ფანტასტიკური ისტორიებით აშინებს. მისი აზრით, მთავარი საფრთხე არა ტექნოლოგია, არამედ ამგვარი შიშების გამო ხალხის მიერ AI-ს გამოყენებაზე უარის თქმაა.

ჯერ კიდევ უცნობია, რა გრძელვადიან გავლენას მოახდენს AI გლობალურ ეკონომიკაზე. თუმცა, ზოგიერთი ფინანსური და აკადემიური ორგანიზაციის პროგნოზით, მომდევნო წლებში აშშ-ში სამუშაო ადგილების დაახლოებით 15% სწორედ ხელოვნური ინტელექტის შედეგად გაუქმდება.

წყარო: techcrunch.com