
ელექტრომობილების (EV) მასობრივ გავრცელებას ხშირად მათი მაღალი ფასი აფერხებს. თუმცა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბაზარზე მეორადი ავტომობილების შემოსვლამ შესაძლოა ფასები მნიშვნელოვნად შეამციროს. Cox Automotive-ის მონაცემებით, 2025 წელს EV-ებზე მხოლოდ 123,000 ლიზინგის ვადა ამოიწურა. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2026 წელს გაორმაგდება და 300,000-ს მიაღწევს, 2027 წელს - 600,000-ს, ხოლო 2028 წელს 660,000-მდე გაიზრდება.
ლიზინგიდან გამოსული ავტომობილების უმეტესობა მეორად ბაზარზე ხვდება. ეს ნიშნავს, რომ მომავალ წლებში მილიონზე მეტი მეორადი EV გახდება ხელმისაწვდომი. Consumer Affairs-ის 2024 წლის მონაცემებით, აშშ-ში გაყიდული ავტომობილების 76 პროცენტი მეორადია, რაც ძირითადად ფასითაა განპირობებული. იმავე ანგარიშის თანახმად, ახალი ავტომობილის საშუალო ფასი 46,992 დოლარს შეადგენს, ხოლო მეორადის - 27,113 დოლარს.
The New York Times-მა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად დრამატული შეიძლება იყოს ეს სხვაობა ელექტრომობილების შემთხვევაში. მაგალითად, სადილერო ქსელი AutoNation 2023 წლის Hyundai Ioniq 5-ს 28,000 დოლარად ყიდის. ავტომობილს მხოლოდ 18,000 მილი აქვს გავლილი და სამი წლის წინ მისი საწყისი ფასი 58,000 დოლარი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ელექტრომობილები, როგორც წესი, შიდა წვის ძრავიან ანალოგებზე ძვირია, მეორად ბაზარზე მათი ფასები თითქმის გათანაბრებულია. თუმცა, ეს ტენდენცია შესაძლოა დიდხანს არ გაგრძელდეს. The Times-ის ცნობით, ახალი EV-ების გაყიდვები და ლიზინგი 2024 წლის ბოლოდან 2025 წლის ბოლომდე 36 პროცენტით შემცირდა, კლება კი 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა.
წყარო: theverge.com







