კიბერთავდასხმა ავტომობილების ალკოტესტერების კომპანიაზე — მძღოლები აშშ-ის მასშტაბით გადაადგილებას ვერ ახერხებენ

აშშ-ში ავტომობილების ალკოტესტერების მწარმოებელ კომპანიაზე განხორციელებულმა კიბერთავდასხმამ მძღოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო — ისინი ავტომობილების დაქოქვას ვერ ახერხებენ.

კომპანია Intoxalock-ის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციით, 14 მარტს მომხდარი კიბერთავდასხმის გამო, მათი სისტემა "დროებით გათიშულია". Intoxalock ყიდის ალკოტესტერებს, რომლებიც ავტომობილის ანთების სისტემაში მაგრდება და გამოიყენება იმ პირების მიერ, ვისაც ავტომობილის დასაქოქად ალკოჰოლზე უარყოფითი ტესტის გავლა მოეთხოვება.

Intoxalock-ის სპიკერმა, რეიჩელ ლარსონმა TechCrunch-თან დაადასტურა, რომ კომპანია კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა. მისი თქმით, "უსაფრთხოების მიზნით, სისტემების ნაწილის მუშაობა დროებით შეჩერებულია."

ალკოტესტერებს რამდენიმე თვეში ერთხელ კალიბრაცია სჭირდება, თუმცა კიბერთავდასხმის გამო Intoxalock ამ პროცესის განხორციელებას ვერ ახერხებს. კომპანიის განცხადებით, მომხმარებლებს, რომელთა მოწყობილობებსაც კალიბრაცია ესაჭიროებათ, შესაძლოა ავტომობილის დაქოქვისას პრობლემები შეექმნათ.

Reddit-ზე მომხმარებლები წერენ, რომ კალიბრაციის გამოტოვების შემთხვევაში ავტომობილები აღარ იქოქება, რაც მათ ფაქტობრივად ბლოკავს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პრობლემები ფიქსირდება მეინის, ნიუ-იორკის, მინესოტასა და სხვა შტატებში. ბოსტონში ერთ-ერთმა ავტოსახელოსნომ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმის გამო მათ სადგომზე ავტომობილები მთელი კვირის განმავლობაში იყო გაჩერებული.

Intoxalock-ს არ დაუკონკრეტებია კიბერთავდასხმის ტიპი (იყო ეს ransomware თუ მონაცემთა გაჟონვა) და არც ის, მიიღეს თუ არა გამოსასყიდის მოთხოვნა ჰაკერებისგან. კომპანიის ტექნოლოგია აშშ-ის 46 შტატში გამოიყენება და ყოველწლიურად 150,000-მდე მძღოლს ემსახურება.

კომპანიას სისტემის აღდგენის ზუსტი ვადები ჯერ არ დაუსახელებია.

წყარო: techcrunch.com