
OpenAI-მ ChatGPT-ის უფასო ვერსიაში რეკლამების ინტეგრირება დაიწყო. იმის გასარკვევად, თუ როგორ მუშაობს ეს სიახლე, მობილურ აპლიკაციაში 500 კითხვა დავსვი. შედეგებმა აჩვენა, რომ რეკლამები საკმაოდ ხშირად — დაახლოებით ყოველ მეხუთე კითხვაზე ჩნდება.
რეკლამები ჩატბოტის პასუხის ბოლოში თავსდება, შეიცავს ბმულს და ზუსტად ერგება მომხმარებლის მიერ დასმული კითხვის თემატიკას. მაგალითად, მოგზაურობის დაგეგმვაზე Booking.com-ის რეკლამა გამომიჩნდა, ხოლო შრომით ეკონომიკაზე კითხვისას — Uber-ის შეთავაზება. ხშირია კონკურენტების ე.წ. „ბრაკონიერობის“ (poaching) პრაქტიკაც: კონკრეტული ბრენდის (მაგალითად, DoorDash ან Netflix) ხსენებისას, სისტემა ხშირად მისი პირდაპირი კონკურენტის რეკლამას აჩვენებს.
OpenAI-ის წარმომადგენლების თქმით, რეკლამების დანერგვა ნელა და ფრთხილად მიმდინარეობს, რათა არ დაზიანდეს მომხმარებლის ნდობა. კომპანიის CEO-მ, სემ ალტმანმა, წარსულში აღნიშნა, რომ ჩატბოტებში რეკლამებს ვერ იტანს, თუმცა ახლა კომპანია მას ფართო აუდიტორიისთვის სერვისის ხელმისაწვდომობის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ გზად განიხილავს.
კომპანია ირწმუნება, რომ რეკლამები გავლენას არ ახდენს ChatGPT-ის პასუხებზე და საუბრის დეტალები რეკლამის დამკვეთებს არ გადაეცემათ. მიუხედავად ამისა, რეკლამების აგრესიულმა მიწოდებამ შესაძლოა პერსონალური სივრცის განცდა დაარღვიოს და აუდიტორია კონკურენტებისკენ, როგორიცაა Google Gemini ან Anthropic Claude, უბიძგოს.
აშშ-ში საპილოტე პროგრამის წარმატების შემდეგ, OpenAI რეკლამების გაშვებას კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც გეგმავს. მთავარი გამოწვევა ახლა მონეტიზაციის ისე განხორციელებაა, რომ პლატფორმამ ყველაზე ძვირფასი აქტივი — მომხმარებლის ნდობა არ დაკარგოს.
წყარო: wired.com







