
ენერგეტიკული სექტორი ფიუჟენ-ტექნოლოგიების (ბირთვული სინთეზი) მიმართ ინტერესს ზრდის. სტარტაპმა Realta Fusion-მა ცოტა ხნის წინ Madison Gas and Electric-თან პარტნიორობა დააანონსა, რაც ვისკონსინში აშშ-ის ერთ-ერთი პირველი ქსელთან დაკავშირებული ფიუჟენ-ელექტროსადგურის მშენებლობას გულისხმობს. ეს ნაბიჯი ასახავს ენერგოკომპანიების მზარდ შეშფოთებას ელექტროენერგიის მომავალი მიწოდების გამო და ფიუჟენ-ტექნოლოგიების პროგრესის აღიარებას.
ინვესტორებისთვის მსგავსი გარიგებები ტექნოლოგიის სანდოობის ტესტია. სტარტაპები იღებენ წვდომას საინჟინრო ექსპერტიზაზე, ნებართვების მიღების მხარდაჭერასა და მიწის ნაკვეთებზე, ხოლო ენერგოკომპანიები უზრუნველყოფენ წვდომას ენერგეტიკული ბაზრის მომავლის განმსაზღვრელ ტექნოლოგიაზე. Realta-ს პროექტი 200-მეგავატიანი სადგურის მშენებლობას 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის ითვალისწინებს.
ფიუჟენ-ენერგია მიმზიდველია იმ ენერგოკომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ წიაღისეული საწვავისგან თავისუფალ, სტაბილურ ალტერნატივას (baseload power). განსხვავებით მზისა და ქარის ენერგიისგან, ფიუჟენ-სადგურები შექმნილია 24/7 რეჟიმში მუშაობისთვის, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვანს ხდის AI მონაცემთა ცენტრების მზარდი მოთხოვნის ფონზე.
ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება სხვა წამყვან სტარტაპებშიც: Commonwealth Fusion Systems (CFS) თანამშრომლობს Dominion Energy-სთან, Helion მუშაობს Chelan County PUD-თან, ხოლო Type One Energy პარტნიორობს Tennessee Valley Authority-სთან. ევროპაში კი Proxima Fusion გერმანულ RWE-სთან ერთად გეგმავს პროექტებს.
მიუხედავად იმისა, რომ ფიუჟენ-ტექნოლოგია კვლავ მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, ენერგოკომპანიებისთვის ეს სტრატეგიული ინვესტიციაა. მათთვის, ვინც ათწლეულებით გათვლილ პროექტებს მიჩვეულია, ფიუჟენ-სადგურების მშენებლობა, რომელიც შესაძლოა ათ წელს მოიცავდეს, პრაქტიკულად „ხვალისთვის“ მზადებას ნიშნავს.
წყარო: techcrunch.com






