
ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ კიბერთავდასხმის ფაქტი დაადასტურა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა მათი cloud საცავიდან დიდი რაოდენობით მონაცემები მოიპარეს.
ევროკომისიის პრესსპიკერმა, ნიკა ბლაზევიჩმა TechCrunch-ს დაუდასტურა, რომ კომისიამ აღმოაჩინა კიბერთავდასხმა, რომელმაც მათი cloud ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა.
ჩვენ მივიღეთ დაუყოვნებელი ზომები და შევაჩერეთ თავდასხმა. ასევე განხორციელდა რისკის შემცირების ზომები. გამოძიება გრძელდება, თუმცა უკვე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კომისიის შიდა სისტემებზე კიბერთავდასხმას გავლენა არ მოუხდენია, - განაცხადა პრესსპიკერმა.
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში კომისია აღნიშნავს, რომ დარღვევამ გავლენა მოახდინა cloud ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მასპინძლობს კომისიის ვებ-პრეზენტაციას Europa.eu პლატფორმაზე, სადაც ინახება კომისიის ვებგვერდის მონაცემების დიდი ნაწილი.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პირველად Bleeping Computer-მა გაავრცელა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ჰაკერებმა ევროკომისიის Amazon Web Services-ის ანგარიშიდან ასობით გიგაბაიტი მონაცემი, მათ შორის მრავალი მონაცემთა ბაზა, მოიპარეს. ჰაკერმა გამოცემას წვდომის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ეკრანის ანაბეჭდები) მიაწოდა.
ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად რა სახის მონაცემებია მოპარული.
წყარო: techcrunch.com







