ევროკავშირი 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მასშტაბით ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვის გეგმა წარადგინა. ინიციატივა, რომელიც EU Kids Act-ის ნაწილია, მიზნად ისახავს არასრულწლოვნების დაცვას პლატფორმების მიერ მათი ყურადღების „მიტაცებისა“ და მავნე ზეგავლენისგან.

ახალი რეგულაციების თანახმად, 13 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენება სრულად აეკრძალებათ. 13-დან 15 წლამდე მოზარდებს კი პლატფორმებზე წვდომა მხოლოდ მშობლების მიერ კონტროლირებადი, შეზღუდული ფუნქციონალის მქონე „მინი ანგარიშების“ მეშვეობით შეეძლებათ, დღეში მხოლოდ ერთი საათით. ევროკავშირი ასევე გეგმავს პლატფორმებს დააკისროს ვალდებულება, შეიმუშაონ უსაფრთხო დიზაინის სტანდარტები 18 წლამდე მომხმარებლებისთვის.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპა არ უნდა შეეგუოს დამოკიდებულების გამომწვევ ალგორითმებს, ექსტრემალურ კონტენტს ან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ სექსუალიზებულ გამოსახულებებს. „წესებს ჩვენ ვადგენთ და არა Big Tech-ი“, — აღნიშნა მან ევროპარლამენტში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობის სრულად ამოქმედებას შესაძლოა 2029 წლამდე დასჭირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ევროპული წესები ბიზნესისთვის მეტ სიცხადეს შექმნის, რჩება გამოწვევები ასაკის ვერიფიკაციასთან და კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ევროკომისია გეგმავს Quality Jobs Act-ის ინიცირებას, რათა უზრუნველყოს ხელოვნური ინტელექტის პოზიტიური გავლენა ეკონომიკასა და დასაქმების ბაზარზე.

წყარო: wired.com