დიდი ბრიტანეთი 675 მილიონი დოლარის მოცულობის სუვერენულ AI ფონდს უშვებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადგილობრივ AI startup-ებში ინვესტირებისთვის ვენჩურული ფონდი შექმნა, რაც უცხოურ ტექნოლოგიებზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

ფონდი Sovereign AI დაახლოებით 675 მილიონ დოლარს დააბანდებს ადგილობრივ startup-ებში, რომლებიც მოდელების შემუშავებაზე, აგენტურ AI-სა და მედიკამენტების აღმოჩენაზე მუშაობენ. გარდა ამისა, პორტფელის კომპანიები მიიღებენ წვდომას ბრიტანულ სუპერკომპიუტერებზე, საერთაშორისო კადრებისთვის უფასო ვიზებზე და სამთავრობო სპეციალისტების კონსულტაციებზე.

Sovereign AI-ს უხელმძღვანელებენ ჯეიმს უაისი (VC ფირმა Balterdon Capital-ის პარტნიორი) და ჟოზეფინ კანტი (ყოფილი Dogwood Ventures და Y Combinator-ის წარმომადგენელი, რომლის დაფინანსებამაც თავის დროზე OpenAI-ს შექმნას შეუწყო ხელი).

ფონდმა უკვე დააანონსა ინვესტიცია startup Callosum-ში. დამატებით ექვსმა startup-მა (Prima Mente, Cosine, Cursive, Doubleword, Twig Bio და Odyssey) ბრიტანეთის სუპერკომპიუტერების ქსელში 1 მილიონამდე GPU საათის გამოთვლითი რესურსი მიიღო ახალი მოდელების დასატრენინგებლად და სიმულაციებისთვის.

„Sovereign AI უნიკალური მიდგომით დაეხმარება ბრიტანულ ინოვაციებს ბარიერების გადალახვაში, რითაც ვუზრუნველყოფთ ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას თანამედროვე ეპოქაში,“ — განაცხადა დიდი ბრიტანეთის ტექნოლოგიების მდივანმა, ლიზ კენდალმა.

ეს ფონდი ბრიტანეთის უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომლის მიზანიცაა ქვეყანა AI-ს შემქმნელად პოზიციონირდეს და არა მხოლოდ მომხმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი Google DeepMind-ის, ARM-ისა და Wayve-ის სამშობლოა, AI წარმოების კრიტიკულ სეგმენტებს — განსაკუთრებით ნახევარგამტარების დიზაინსა და მოდელების შემუშავებას — ძირითადად აშშ და აზია დომინირებენ.

ექსპერტების აზრით, AI სფეროში სრული თვითკმარობა მიუღწეველია, რადგან ზოგადი დანიშნულების მოდელების ბაზარს უკვე აკონტროლებენ OpenAI, Anthropic და Google. ამიტომ, ახალი სტრატეგიით ბრიტანეთი მიზნად ისახავს მიზნობრივი ინვესტიციების განხორციელებას კონკრეტულ ნიშებში, როგორებიცაა სპეციალიზებული AI აპარატურა, მონაცემთა ცენტრების ენერგოოპტიმიზაცია და AI-ზე დაფუძნებული აპლიკაციები.

მიუხედავად იმისა, რომ ტოპ ტექნოლოგიური გიგანტების ასეულობით მილიარდიან ბიუჯეტთან შედარებით 675 მილიონი დოლარი მოკრძალებული თანხაა, სუვერენული AI ფონდი, როგორც თანაინვესტორი კერძო VC ფირმებთან ერთად, უმნიშვნელოვანესი პარტნიორი გახდება იმ დამფუძნებლებისთვის, რომლებსაც კვლევითი კონცეფციების მასშტაბურ ბიზნესად გარდაქმნა სურთ.

წყარო: wired.com