ახლა უკვე შეგიძლიათ თქვენი ჩატები და პერსონალური ინფორმაცია სხვა ჩატბოტებიდან პირდაპირ Gemini-ში გადაიტანოთ

AI ჩატბოტების ბაზარზე მომხმარებელთა ყურადღებისთვის ნამდვილი ომი მიმდინარეობს. ყველა დიდი პროვაიდერი მომხმარებელთა ბაზის გაზრდას ცდილობს, რის ფონზეც, Google-მა კონკურენტი პლატფორმებიდან მომხმარებლების Gemini-ზე გადმოსვლა მნიშვნელოვნად გაამარტივა.

კომპანიამ ახალი ინსტრუმენტები წარადგინა, რომლებიც მომხმარებლებს სხვა ჩატბოტებიდან „მოგონებების“ (პერსონალური ინფორმაციის) და სრული ჩატების ისტორიის პირდაპირ Gemini-ში გადმოტანის საშუალებას აძლევს. ამ გზით, მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ გააზიარონ საკუთარი პრეფერენციები და პერსონალური კონტექსტი.

მთავარი იდეა Google-ის AI ასისტენტის ათვისების გამარტივებაა, რათა მომხმარებლებმა დიდი დრო არ დაკარგონ Gemini-სთვის იმის თავიდან სწავლებაზე, თუ ვინ არიან და რა სჭირდებათ.

როგორ მუშაობს ახალი ფუნქციები

მეხსიერების ფუნქციის მუშაობის პრინციპი ასეთია: Gemini გთავაზობთ პრომპტს, რომელსაც შეიყვანთ თქვენს ამჟამინდელ ჩატბოტში. გენერირებულ პასუხს კი მარტივად აკოპირებთ უკან, Gemini-ში. ასე ჩატბოტი სწრაფად იგებს თქვენს ინტერესებსა და სხვა პერსონალურ დეტალებს ნულიდან დაწყების გარეშე.

რაც შეეხება ჩატების ისტორიის იმპორტს, Google-ის განცხადებით, ამისთვის მხოლოდ ZIP ფაილის ატვირთვაა საჭირო. უმეტესი პლატფორმიდან — მათ შორის ChatGPT-დან და Claude-დან — ჩატების ექსპორტი ძალიან მარტივია. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მუშაობა ზუსტად იქიდან გააგრძელონ, სადაც გაჩერდნენ, ძველ ჩატებში ძიების ფუნქციით.

სამომხმარებლო ჩატბოტების ბაზარზე ChatGPT ლიდერად რჩება; გასულ თვეში OpenAI-მ 900 მილიონი ყოველკვირეული აქტიური მომხმარებლის შესახებ განაცხადა. მიუხედავად Android-სა და Chrome-ში ინტეგრაციისა, Gemini ჯერ კიდევ ჩამორჩება ლიდერს — თუმცა, გასულ თვეში Google-მა დაადასტურა, რომ Gemini-მ 750 მილიონ ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელს გადააჭარბა. ახალი ფუნქციების დამატება ნათლად მიუთითებს Google-ის მცდელობაზე, შეამციროს ეს სხვაობა.

წყარო: techcrunch.com