
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი (DOJ) ჩაერთო NAACP-ის მიერ xAI-ის წინააღმდეგ აღძრულ სასამართლო დავაში. უწყებამ მხარი დაუჭირა ილონ მასკის კომპანიას და განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის ტურბინების მუშაობის შეჩერება საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. DOJ-ის განმარტებით, ეს ტურბინები უზრუნველყოფს იმ ხელოვნური ინტელექტის ინოვაციებს, რომლებიც თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ოპერაციებს ეხმარება.
NAACP-ის სარჩელის თანახმად, xAI არღვევს „სუფთა ჰაერის შესახებ“ კანონს და მისისიპის შტატში, Colossus 2-ის მონაცემთა ცენტრში, ნებართვის გარეშე იყენებს ტურბინებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. თუმცა, თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, Grok-ის მოდელები, რომლებიც ამ ცენტრში მუშავდება, გამოიყენება გასაიდუმლოებულ ქსელებში და კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამხედრო მისიებისთვის, მათ შორის ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციებისთვის.
სასამართლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Colossus 2-ის ობიექტზე ტურბინების რაოდენობა 27-დან 57-მდე გაიზარდა, რამაც, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მონაცემებით, აზოტის ოქსიდისა და სხვა მავნე ნივთიერებების ემისიების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, იუსტიციის დეპარტამენტი და xAI მოითხოვენ სარჩელის შეწყვეტას, რადგან მიიჩნევენ, რომ ენერგომომარაგების შეწყვეტა პირდაპირ აზიანებს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს.
წყარო: wired.com






