ამერიკელი მომხმარებლები Polymarket-ის აკრძალულ პლატფორმაზე მილიარდობით დოლარს ვაჭრობენ

ახალი კვლევის თანახმად, კრიპტო-დაფუძნებული პლატფორმა Polymarket-ის სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 30 პროცენტი შეერთებულ შტატებზე მოდის. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ ამერიკელ მომხმარებლებს აღნიშნული პლატფორმით სარგებლობა კანონით აკრძალული აქვთ.

რატგერსის უნივერსიტეტის სტატისტიკოსის, ჰარი კრეინის კვლევის მიხედვით, აშშ-ის რეზიდენტებმა პლატფორმის მეშვეობით 10.6-დან 26.7 მილიარდ დოლარამდე თანხა გაატარეს. ანალიზმა აჩვენა, რომ Polymarket-ზე ყველაზე აქტიური ბაზრები სწორედ აშშ-ის არჩევნებსა და სპორტულ მოვლენებს უკავშირდება. ამერიკელი ტრეიდერები განსაკუთრებით აქტიურობენ სპორტულ სეგმენტში, სადაც მათი წილი ბრუნვის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

Polymarket 2022 წლიდან აშშ-ში აკრძალულია, რადგან ფედერალურმა მარეგულირებლებმა ის არარეგისტრირებულ დერივატივების სავაჭრო პლატფორმად მიიჩნიეს. მიუხედავად ამისა, მომხმარებლები აკრძალვის გვერდის ავლით, VPN-ების გამოყენებით ახერხებენ პლატფორმაზე წვდომას. კვლევის ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მეთოდოლოგიური სირთულეებისა, ეს მონაცემები იძლევა რეალურ სურათს იმ მასშტაბის შესახებ, თუ რამდენად ფართოდ გამოიყენება ოფშორული პლატფორმა აშშ-ში.

ექსპერტების პროგნოზით, თუ Polymarket-ის კრიპტო-პლატფორმა შეინარჩუნებს საბაზრო წილს, აშშ-დან განხორციელებული ვაჭრობის მოცულობამ შესაძლოა 2030 წლისთვის 133 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები, მათ შორის CFTC, აცხადებენ, რომ მზად არიან საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ ექსტრატერიტორიული იურისდიქცია, თუმცა ამერიკელი ტრეიდერების მასობრივი მონიტორინგის საკითხი კვლავ ბუნდოვანი რჩება.

წყარო: wired.com