
Waymo-ს რობოტაქსებს კალიფორნიის ავტომაგისტრალებზე გადაადგილება აეკრძალათ. შტატის სატრანსპორტო საშუალებების დეპარტამენტმა (DMV) Alphabet-ის მფლობელობაში მყოფი კომპანიის ოპერაციები მას შემდეგ შეზღუდა, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა.
DMV-ის განცხადებით, შეზღუდვები ძალაში მანამ დარჩება, სანამ Waymo არ დაამტკიცებს, რომ ეფექტური მაკორექტირებელი ზომები გაატარა. უწყების ცნობით, კომპანიის ავტომობილები არაერთხელ შევიდნენ საგზაო სამუშაოების ზონაში, სადაც მუშები და ტექნიკა იმყოფებოდნენ, რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
Waymo-ს სპიკერმა დანა გალაჰერმა დაადასტურა, რომ კომპანიამ დროებით შეაჩერა მაგისტრალებზე მუშაობა არა მხოლოდ კალიფორნიაში, არამედ აშშ-ის სხვა ბაზრებზეც, რათა საკუთარი სისტემების მუშაობა ხელახლა შეაფასოს. კომპანია აცხადებს, რომ მგზავრთა გადაყვანის სერვისი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ქალაქის ქუჩებში, სადაც კვირაში ნახევარ მილიონზე მეტ მგზავრობას უზრუნველყოფს.
ავტომაგისტრალებზე წვდომა Waymo-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს საშუალებას აძლევდა კომპანიას, მგზავრები აეროპორტებსა და სხვა შორეულ ლოკაციებზე უფრო სწრაფად მიეყვანა. მიმდინარე შეზღუდვები კომპანიის გაფართოების გეგმებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
წყარო: techcrunch.com






