
Tesla-ს ყოფილმა აღმასრულებელმა, Drew Baglino-მ ახალი სითბური ტუმბოს (heat pump) სტარტაპი დააარსა. ეს არის მისი მეორე კომპანია Tesla-დან წამოსვლის შემდეგ.
ახალ სტარტაპს Sadi Thermal Machines ჰქვია. კომპანია იზიარებს სათავო ოფისს კალიფორნიაში Baglino-ს კიდევ ერთ სტარტაპთან, Heron Power-თან ერთად.
კომპანიის სახელი ფრანგი ფიზიკოსის, Nicolas Léonard Sadi Carnot-ის პატივსაცემადაა შერჩეული, რომლის ნაშრომებმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე თერმოდინამიკას. Sadi Thermal Machines-ის შესახებ ჯერჯერობით ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, იქ Tesla-ს რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი მუშაობს.
Heron Power-ისა და Sadi Thermal Machines-ის დაარსებამდე, Baglino თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა Tesla-ში. 2024 წლის აპრილში წასვლისას, ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა და კურირებდა კომპანიის ძირითად ენერგეტიკულ ტექნოლოგიებს, მათ შორის ელექტროძრავების და ბატარეების განვითარებას.
Tesla-ში მოღვაწეობისას, Baglino აქტიურად მუშაობდა სითბური მართვის სისტემებზე. ის არის ეგრეთ წოდებული octovalve სისტემის ერთ-ერთი შემქმნელი, რომელიც პირველად Model Y-ში გამოჩნდა. ეს სისტემა ეფექტურად აკონტროლებს სალონის, ბატარეებისა და ძრავების ტემპერატურას.
ჯერ კიდევ 2022 წელს, Baglino-მ და Elon Musk-მა განიხილეს კომერციული და საცხოვრებელი სახლებისთვის სითბური ტუმბოების (HVAC) შექმნის იდეა. Baglino აღნიშნავდა, რომ სახლისთვის ტუმბოს შექმნა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ავტომობილისთვის, სადაც მასა, მოცულობა და ენერგია მკაცრად შეზღუდულია. Sadi Thermal Machines-ის დაარსებით, Baglino, როგორც ჩანს, ამ ტექნოლოგიური ხედვის რეალიზებას იწყებს.
წყარო: techcrunch.com







