
გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, Tesla-ს ნევადის ქარხნებიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ავტომობილებისა და სახლის ბატარეების შემცველი მისაბმელები სულ მცირე 11-ჯერ მოიპარეს. სთორის ოლქის შერიფის დეტექტივის, სემ ჰეტლის თქმით, ეს ტენდენცია უკვე ეპიდემიურ ხასიათს ატარებს.
გამოძიების თანახმად, საქმე გვაქვს ე.წ. „სტრატეგიულ ქურდობასთან“. კრიმინალური დაჯგუფებები არ იპარავენ საქონელს შემთხვევით, არამედ იყენებენ უსაფრთხოების პროტოკოლებში არსებულ ხარვეზებს, ყალბ პირადობის მოწმობებს და სატრანსპორტო კომპანიებთან არსებულ სუსტ რგოლებს. ერთ-ერთ გახმაურებულ შემთხვევაში, დამნაშავეებმა ყალბი ლიცენზიებით ისარგებლეს, რათა Tesla-ს ტვირთი კანონიერი გადამზიდველის სახელით გაეტანათ.
Tesla-მ, ინციდენტების სერიის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა, მათ შორის ქარხნის შესასვლელთან მძღოლების იდენტიფიკაციის პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მისაბმელი GPS-ის დახმარებით იპოვეს, ქურდობის შემთხვევები კვლავ რჩება სერიოზულ პრობლემად, რაც გლობალურ სატრანსპორტო ინდუსტრიაში არსებულ კრიზისს ასახავს.
ექსპერტების შეფასებით, აშშ-ში ტვირთების ქურდობა 2022-2024 წლებში თითქმის გაორმაგდა და კომპანიებს დღეში დაახლოებით 18 მილიონი დოლარის ზარალს აყენებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, მსხვილი კორპორაციები, როგორიცაა Amazon, უკვე ნერგავენ AI-ზე დაფუძნებულ ანომალიების დეტექციას, ხოლო აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოები განიხილავენ ახალ კანონპროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო დანაშაულებთან ბრძოლის გაძლიერებას.
წყარო: wired.com






