Tesla-ს უფრო იაფი ავტომობილები მის კლებად გაყიდვებს ვერ შველის

Tesla ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აანონსებდა უფრო ხელმისაწვდომ ავტომობილებს, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა — Model Y-ისა და Model 3-ის გამარტივებული ვერსიები, საწყისი ფასით 39,990 და 36,990 დოლარი. თუმცა, პირველი კვარტლის მონაცემებით, ახალმა მოდელებმა Tesla-ს საერთო გაყიდვებზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ვერ მოახდინა.

Tesla-მ განაცხადა, რომ წლის პირველ სამ თვეში გლობალურად 358,023 EV მიაწოდა მომხმარებელს, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე (დაახლოებით 368,000) ნაკლებია. ამასთან, კომპანიამ გაყიდულზე გაცილებით მეტი — 408,386 ავტომობილი აწარმოა.

ეს ნიშნავს, რომ Tesla-მ მხოლოდ 6%-ით მეტი ავტომობილი მიაწოდა წლევანდელ პირველ კვარტალში, ვიდრე 2025 წლის პირველ კვარტალში, რომელიც კომპანიისთვის წლების განმავლობაში ყველაზე ცუდი იყო. 2025 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებზე გავლენა მოახდინა საწარმოო ხაზების დროებითმა გაჩერებამაც, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის შედეგები რეალურ გაუმჯობესებას არ წარმოადგენს.

ეს მაჩვენებლები საგანგაშოა კომპანიისთვის, რომელიც ოდესღაც EV გაყიდვების ყოველწლიურ 50%-იან ზრდას პროგნოზირებდა. სუსტი პირველი კვარტალი ზრდის რისკს, რომ Tesla-ს საერთო გაყიდვები ზედიზედ მესამე წელია შემცირდება, იმ ფონზე, როცა მისი მოგების მარჟაც ეცემა.

EV გაყიდვების ზრდა მხოლოდ Tesla-ს არ უჭირს, განსაკუთრებით აშშ-ში. ტრადიციულმა ავტომწარმოებლებმა უკან დაიხიეს და ზოგ შემთხვევაში გააუქმეს კიდეც ახალ მოდელებთან დაკავშირებული გრანდიოზული გეგმები. გამოწვევების წინაშე არიან ახალბედა კომპანიებიც. მაგალითად, Rivian-მა პირველ კვარტალში მხოლოდ 10,000-მდე ავტომობილი მიაწოდა, რაც თითქმის არ განსხვავდება წინა კვარტლების შედეგებისგან. თუმცა, კომპანიას იმედი აქვს, რომ ახალი, უფრო იაფი R2 SUV-ის გამოსვლა გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

Rivian-ისგან განსხვავებით, Tesla-ს მასობრივი ბაზრისთვის ახალი მოდელი მზად არ აქვს. კომპანია მუშაობდა 25,000-დოლარიან EV-ზე, მაგრამ CEO-მ, Elon Musk-მა პროექტი გააუქმა და ფოკუსი მთლიანად ავტონომიურ CyberCab-ზე გადაიტანა.

ბოლო წლებში Tesla-ს მიერ გამოშვებული ერთადერთი სრულიად ახალი მოდელი Cybertruck-ია. მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ სხვა ელექტრო პიკაპს უსწრებს გაყიდვებით, Musk-ისა და კომპანიის თავდაპირველ მოლოდინებთან შედარებით მან მაინც მარცხი განიცადა. წლის პირველ კვარტალში Tesla-მ მხოლოდ 16,130 ეგრეთ წოდებული „სხვა მოდელი“ გაყიდა, რაც აერთიანებს Cybertruck-სა და წარმოებიდან ფაქტობრივად მოხსნილ Model S-სა და Model X-ს.

წყარო: techcrunch.com