
Bloomberg-ის ახალი ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ამერიკულმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა T-Mobile-მა საკუთარ ქსელში ჩინელი ჰაკერების შეღწევა აღმოაჩინა და მათი განეიტრალება რადიკალური მეთოდით შეძლო. კიბერშეტევა, რომელიც ჩინეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფ Salt Typhoon-ს უკავშირდება, მიზნად ისახავდა აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების მონაცემების მოპოვებას.
Salt Typhoon-ის კამპანიამ ასობით სატელეკომუნიკაციო კომპანია, მათ შორის AT&T, Verizon, Viasat და Charter დააზარალა. T-Mobile-მა კიბერუსაფრთხოების გუნდის ოპერატიული მუშაობის წყალობით მასშტაბური გაჟონვის თავიდან აცილება შეძლო. მას შემდეგ, რაც კომპანიის სპეციალისტებმა ქსელში საეჭვო აქტივობა დააფიქსირეს, რომელიც სხვა სატელეკომუნიკაციო პროვაიდერის როუტერიდან მოდიოდა, გადამწყვეტი ზომების მიღება გახდა საჭირო.
T-Mobile-ის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ჯეფ საიმონმა, Bloomberg-თან საუბარში დაადასტურა, რომ გუნდთან ერთად პირადად მივიდა ბელვიუს (ვაშინგტონის შტატი) მონაცემთა ცენტრში. კომპრომეტირებული სისტემის აღმოჩენის შემდეგ, მათ ფიზიკურად გადაჭრეს კაბელი, რომელიც დაზიანებულ მოწყობილობას გარე ქსელთან აკავშირებდა, რითაც ჰაკერებს წვდომა სრულად შეუწყვიტეს.
წყარო: techcrunch.com






