
Supabase-მა, ღია კოდის (open source) მონაცემთა ბაზების პლატფორმამ, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ. „vibe-coding“ დეველოპერებში, 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის Series F რაუნდი დახურა. კომპანიის შეფასებამ (valuation) საინვესტიციო რაუნდამდე 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ინვესტიციის შემდეგ ეს მაჩვენებელი 10.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ახლად გამოჩენილი დეკაკორნი ბოლო წლების განმავლობაში საკუთარ ღირებულებას ყოველ რამდენიმე თვეში აორმაგებს, რაც vibe-coding ხელსაწყოების პოპულარობის ზრდითაა განპირობებული. Supabase-ზე ბაზების გაშვების მაჩვენებელი გასულ წელს 600%-ით გაიზარდა და მათი 60%-ზე მეტი ინიცირებული იყო „რაიმე სახის AI ხელსაწყოს მიერ“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი პოლ კოპლსტონი.
სტარტაპი ამჟამად 10 მილიონამდე დეველოპერ მომხმარებელს ითვლის, რაც რვა თვეში გაორმაგებული მაჩვენებელია. კოპლსტონი ამ ზრდას Claude Code-სა და Codex-ს მიაწერს, რომლებიც ხელს უწყობენ იმ ადამიანების რაოდენობის ზრდას, ვისაც პროდუქტის შექმნა შეუძლია. Supabase ასევე წარმოადგენს Bolt-ის, Figma-ს, Lovable-ისა და Replit-ის ფავორიტ მონაცემთა ბაზას.
კაპიტალის ახალი შემოდინება მოჰყვება ოქტომბერში განხორციელებულ 100 მილიონიანი დოლარის რაუნდს 5 მილიარდიან შეფასებაზე, რომელიც თავის მხრივ სულ რაღაც რამდენიმე თვეში მოჰყვა 2 მილიარდ დოლარად შეფასებულ 200 მილიონიან რაუნდს.
Supabase იყენებს პოპულარულ open source მონაცემთა ბაზას Postgres-ს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი არის ის სამუშაო, რომელსაც კომპანია Postgres-ის მხარდაჭერისა და მართვის გასამარტივებლად ეწევა. ამ კვირაში Supabase-მა გამოუშვა ხელსაწყო Multigres, რომელსაც Postgres-ის „ოპერაციულ სისტემას“ უწოდებენ. მისი მიზანია შეამციროს მასშტაბირების სირთულეები და დეველოპერებს მისცეს ცენტრალიზებული საშუალება ისეთი ამოცანების სამართავად, როგორიცაა read replicas, failovers და რეზერვული კოპირება.
აღსანიშნავია კოპლსტონის სტრატეგიაც: იგი უარს ამბობს დეველოპერული ხელსაწყოების ხარისხის გაფუჭებაზე დიდი ენტერპრაიზ კონტრაქტების გამო და ფოკუსირებულია პროდუქტის საკუთარ ხედვაზე. ეს ბევრი სტარტაპის საპირისპირო მიდგომაა, თუმცა Supabase-ის შემთხვევაში ის იდეალურად მუშაობს. ბოლო რაუნდს გაუძღვა GIC, არსებული ინვესტორების (მათ შორის Stripe) და ახალი მხარდამჭერების (Georgian და Salesforce Ventures) მონაწილეობით.
წყარო: techcrunch.com






