SpaceX-მა IPO-სთვის კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა – კომპანიის შეფასება შესაძლოა $1.75 ტრილიონს მიაღწიოს

Elon Musk-ის მიერ დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა კონგლომერატმა, SpaceX-მა, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) IPO-მდე კონფიდენციალური განაცხადი წარუდგინა. Bloomberg-ის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია შესაძლოა $1.75 ტრილიონად შეფასდეს.

SEC-ის წესებით, კერძო კომპანიას უფლება აქვს IPO-ს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია საჯარო შეთავაზებამდე 15 დღით ადრე ფარულად წარადგინოს, რათა სააგენტოსგან კონფიდენციალური უკუკავშირი მიიღოს. Reuters-ის ცნობით, მეგა IPO-ს, რომლის შიდა კოდური სახელია Project Apex, უჩვეულოდ დიდი რაოდენობის - 21 ბანკი უხელმძღვანელებს.

კომპანია $75 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, რაც მას ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ IPO-დ აქცევს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ნავთობგიგანტ Saudi Aramco-ს 2019 წლის $29-მილიარდიან რეკორდს. კერძო კომპანიის სტატუსით SpaceX-ს უკვე მოზიდული აქვს დაახლოებით $10 მილიარდი.

2002 წელს დაფუძნებული SpaceX მსოფლიოში წამყვანი კოსმოსური კომპანიაა, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებსა და 10,000 სატელიტისგან შემდგარ კომუნიკაციების ქსელს - Starlink-ს მართავს. Musk-მა კოსმოსურ სექტორში Silicon Valley-ის კულტურა შემოიტანა და ინდუსტრიაში startup-ების ბუმი გამოიწვია.

თებერვალში SpaceX-მა Musk-ის xAI შეიერთა გარიგებაში, რომელმაც ეს უკანასკნელი $1.25 ტრილიონად შეაფასა. ახლა კონგლომერატი აერთიანებს გენერაციული AI-ის ლაბორატორია xAI-ს და სოციალურ ქსელ X-ს (ყოფილი Twitter).

მიუხედავად Musk-ის მრავალწლიანი განცხადებებისა, რომ SpaceX საჯარო კომპანია მარსის მისიამდე არ გახდებოდა, კაპიტალზე უზარმაზარმა მოთხოვნამ გეგმები შეცვალა. კომპანია ახლა მიზნად მთვარეს ისახავს და იქ მილიონამდე მონაცემთა ცენტრის სატელიტის განთავსებას აპირებს.

SpaceX-ს მილიარდები სჭირდება Starship-ის დასასრულებლად, რომელიც გადამწყვეტია კომპანიის სამომავლო ბიზნეს გეგმებისთვის და NASA-სთვის, რათა მთვარეზე ჩინეთს აჯობოს. ფინანსები ასევე მოხმარდება Starlink-ის ქსელის განახლებას და xAI-ის ღრმა სწავლების მოდელების გამოთვლითი სიმძლავრეების უზრუნველყოფას.

წყარო: techcrunch.com