Snap-ის ყოფილმა თანამშრომლებმა ახალი ფონდი Ghost Angels წარადგინეს

Snap-ის 20-მდე ყოფილი თანამშრომლისგან შემდგარმა ჯგუფმა შექმნა ახალი ფონდი სახელწოდებით Ghost Angels, რომლის მიზანიც სოციალური მედიის შემდეგი თაობის მხარდაჭერაა. ფონდი არ აკონკრეტებს მოზიდული კაპიტალის ზუსტ მოცულობას, თუმცა აცხადებს, რომ უკვე განახორციელა ინვესტიცია 5 კომპანიაში და მომავალი წლის განმავლობაში კიდევ მინიმუმ 15 სტარტაპის დაფინანსებას გეგმავს.

ფონდი 2025 წელს მაქს რივერამ (Max Rivera) დააფუძნა, რომელიც წარსულში Snap-ის გლობალურ პარტნიორობებს ხელმძღვანელობდა, ამჟამად კი Microsoft-ის AI დივიზიონში მუშაობს. პროექტის მიზანი Snap-ის ექს-თანამშრომელთა ანგელოზი ინვესტორების საზოგადოების გაერთიანებაა. დამფუძნებელთა შორის არიან ალექსანდრა ლევიტი (Alexandra Levitt), რომელიც Snap-ის კორპორაციულ აქსელერატორს მართავდა, და ვილ ვუ (Will Wu), Snap-ის პროდუქტისა და დიზაინის გუნდის ერთ-ერთი პირველი წევრი.

რივერას თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს დამფუძნებლები ბევრად მცირე გუნდებით მუშაობენ, პროდუქტს სწრაფად უშვებენ ბაზარზე და იყენებენ მონეტიზაციის ახალ მოდელებს (გამომწერები, ტოკენები, მოხმარებაზე დაფუძნებული გადახდები) ტრადიციული რეკლამის ნაცვლად.

ფონდი ძირითადად ფოკუსირებულია pre-seed და seed ეტაპის AI სტარტაპებზე, რომლებიც სოციალური მედიისა და სამომხმარებლო ტექნოლოგიების (consumer tech) მიმართულებით მუშაობენ. რივერა აღნიშნავს, რომ დღეს ტრადიციულმა სოციალურმა მედიამ დაკარგა პირვანდელი დანიშნულება — ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება. Ghost Angels-ის მიზანია დააფინანსოს ისეთი AI-ზე დაფუძნებული პროექტები, რომლებიც დაუბრუნდებიან ამ იდეას და ამავდროულად შექმნიან ახალ გენერაციულ ხელსაწყოებს მუსიკის, გეიმინგის, სპორტისა და მოდის ინდუსტრიებში შემოქმედებითი ბარიერების შესამცირებლად.

წყარო: techcrunch.com